Accessibility links

site logo site logo

კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების საკითხზე პარლამენტის სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა გაიმართოს


კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების საკითხზე პარლამენტის სხდომა, მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა საჭირო არ არის, ეს რიგგარეშე სხდომის ფორმატში, არჩევნებამდე მოხდეს.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ადრე ოდესმე განხორციელებულა და არც ეხლა ვთვლი, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც, სრული კონცენტრაციით ყველა დეპუტატის მონაწილეობით, რადგან ფაქტია, რომ ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ვერ მოახერხებს ყველა დასწრებას, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არიან გაფანტულები რეგიონებში. ამ საკითხზე სხდომა აუცილებლად ჩატარდება, მოსმენაც იქნება და, ჩემი აზრით, კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი არსებობს, რომ უფრო ეფექტიანად გამოიყენოს პარლამენტმა ზედამხედველობის ფუნქცია“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა კუჭავამ. მან განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების საკითხზე შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას:

„ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო მეტი სანდოობისთვის, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა კახა კუჭავამ მედიასთან კომენტარში.

საპარლამენტო ფრაქციამ „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ფარული ჩანაწერების საკითხზე რამდენიმე დღის წინ მოითხოვა. ფრაქციის წევრთა განმარტებით, სხდომაზე მიწვეული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ჩანაწერებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხებს.

„ლელოს“ თანახმად, 20 სექტემბრის მონაცემებით, ინიციატივაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა 24 ხელმოწერაა დაფიქსირებული, სხდომის მოსაწვევად კი 38 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. „ლელოს“ ინიციატივას საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“.

20 სექტემბერს პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს "ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

„უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

12 სექტემებრს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG