Accessibility links

site logo site logo

წულუკიანი „სისხლიან ბანერებზე“: ვფიქრობ, ეს მაინცაა ოპოზიციის მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ


თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიასთან „სისხლიანი ბილბორდების“ შესახებ კომენტარში ამბობს, რომ ფიქრობს, ოპოზიციისთვის ისინი მოსაწონი იქნება:

„ოპოზიციის ფლანგი, ოპოზიციური, მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი. შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, წარსული არავინ უნდა დაივიწყოს, ყველამ კარგად უნდა შეხედოს ბილბორდებს და გაიხსენოს, რა არ უნდა:

„ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, რომ ეს წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს - არც ცუდი და არც კარგი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება – ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო, ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა "სისხლიანი ბანერები", რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.

სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. საუბარია წინასაარჩევნოდ ოპოზიციის საზიანოდ გამოკრულ წარწერებზე: "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!". არსებული ინფორმაციით, ამ ბოლბორდებმა ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბილბორდების ადგილი დაიკავეს. ამ ფაქტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კრიტიკით გამოეხმაურა. საპასუხოდ "ალმამ" განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG