Accessibility links

site logo site logo

MDF: 2020 წელს ანტიდასავლური გზავნილების უმეტესობა ამერიკის წინააღმდეგ იყო მიმართული


მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულანგარიშში, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას აჯამებს 2020 წელს, ტენდენციის სახით გამოყოფილია ანტიდასავლურ გზავნილებში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გავრცელებული გზავნილების მაღალი წილი.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკასთან მიმართებით გზავნილების მატება ნაწილობრივ ამერიკაში მიმდინარე შიდა პროცესებს და არჩევნებში ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, ნაწილობრივ საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ კრემლისტური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი იყო.

2020 წელს ამერიკის შიდა პროცესებთან დაკავშირებით გამოიკვეთა 3 ახალი გზავნილი:

  • ამერიკა გაყოფილია/ არჩევნები გაყალბდა/ამერიკას არ აქვს მორალური უფლება სხვას ჭკუა ასწავლოს;
  • ამერიკაში სისტემური რასიზმია [ ეს გზავნილი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებით აქტიური გახდა];
  • ამერიკა კორუმპირებულია. [ ლობიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციად იყო წარმოჩენილი და საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამერიკელი პოლიტიკოსების თუ სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს უკავშირდებოდა, რაც ზოგადად დემოკრატიული პროცესისადმი სკეპტიციზმის დანერგვას უწყობდა ხელს.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამერიკისგან განსხვავებით, ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები თითქმის განახევრდა 2020 წელს, რაც ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივების არარსებობას უკავშირდებოდა. ნატოსთან მიმართებით ორი ახალი ნარატივი გამოიკვეთა:

  • პანდემიის გამო ნატო უფუნქციოა/ ნატო=ინფიცირების საფრთხეს;
  • ყარაბაღის კონფლიქტი ნატოს უსაფრთხოებას ცვლის.

პანდემიამ ახალი გზავნილები გააჩინა ევროკავშირის წინააღმდეგ განწყობების გასაღვივებლადაც. ახალი გზავნილების მიზანი იმ აზრის გამტკიცება იყო, რომ პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა, რადგან ევროკავშირმა წევრი ქვეყნების მიმართ სოლიდარობა ვერ გამოიჩინა და მათ დახმარება ვერ გაუწია. 2020 წელს გაიზარდა ასევე გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების უსარგებლობაზე აკთებენ აქცენტს.

ანგარიში აჩვენებს, რომ 2020 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილების ნარატივების სტრუქტურა კვლავ 3 საფეხურიანი იყო და შიშების კულტივირებას, უიმედობისა და სკეპტიციზმის დანერგვას და ერთმორწმუნე და ძლიერი რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად დასახვას ახდენდა.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სადავო მონაკვეთზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წამოწყებულმა კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფებისთვის, ისტორიული ოკუპაციის კონტექსტში თურქეთთან ერთად აზერბაიჯანიც განეხილათ და რუსეთის ამჟამინდელი ოკუპაციიდან ისრები ისტორიულ მტრობაზე გადაეტანათ. ამასთანავე, აქცენტი გაეკეთებინათ იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანის და თურქეთის საფრთხისგან არ გვიცავენ და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთია.

ანგარიში კვლევის შერეული მეთოდოლოგიის გამოყენებით არის მომზადებული და ეყრდნობა როგორც ტრადიციული და ონლაინ მედიის კონტენტს ანალიზს, ასევე ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას მიღებულ ინფორმაციას და მიგნებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG