Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკი უფლებადამცველების თქმით, მათ ქვეყანაში აქტივისტების მიმართ სადამსჯელო ფსიქიატრია გამოიყენება


ბერლინში გამოქვეყნდა ანგარიში უზბეკეთში სადამსჯელო ფსიქიატრიის შესახებ
ბერლინში გამოქვეყნდა ანგარიში უზბეკეთში სადამსჯელო ფსიქიატრიის შესახებ

უფლებადამცველმა ჯგუფმა, „უზბეკურმა ფორუმმა“, ბერლინში წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მოყვანილია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებით მოთავსების 6 შემთხვევა.

რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო არხანგარელი მეწარმის, დავიდ ბაგრამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იძულებითი ფსიქიატრია.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაანგრია მისი ოჯახის კუთვნილი შენობა და მაღაზია, მეწარმემ დაიწყო საჩივრების წერა და გაგზავნა ქვეყნის პრეზიდენტის სახალხო მისაღებში. ამის შემდეგ მეწარმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც იგი მთელი თვე იმყოფებოდა. მოგვიანებით სასამართლომ ბაგრამიანი ქმედუუნაროდ ცნო.

„ადრე მე არასოდეს მაწუხებდა ფსიქიატრიული დაავადება, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ შიზოფრენია მჭირს. ამის შემდეგ, თუ კიდევ მივწერ საჩივარს პრეზიდენტის მისაღებს ან საპროტესტო აქციაზე გამოვალ, ყურს არავინ დამიგდებს, რადგან ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის იარლიყი დამადეს. მაგრამ მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ“, - უთხრა ბაგრამიანმა რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურს.

უფლებადამცველი ცენტრის „უზბეკური ფორუმის“ ანგარიშში მოყვანილია ასევე ბლოგერ ნაფოსატ ოლაშუკუროვის საქმე. ორი წლის წინ ბლოგერი აშუქებდა ხორაზმელი პოეტისა და ჟურნალისტის, მაჰმუდ რაჯაბის ფეხით მსვლელობას ტაშკენტში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მიზნით. ოლაშუკუროვიც და რაჯაბიც დააკავეს და ათი დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ვადის გასვლის შემდეგ ბლოგერი ოლაშუკუროვი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გაგზავნეს.

რადიო თავისუფლების უზბეკურმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარი „უზბეკური ფორუმის“ ანგარიშის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG