Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ერთგულია დიპლომატთა სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭირო ვალდებულების - საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. საუბარია სავარაუდოდ სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე, ჩანაწერები გასულ კვირაში გასაჯაროვდა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს.

საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარ ფაქტებად დეფინიციას.

ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს.

აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები დიდწილად სასულიერო პირებს ეხება,

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

უშუალოდ საეკლესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.

მათში ვხვდებით, საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.

სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

XS
SM
MD
LG