Accessibility links

site logo site logo

რაც მეტი სანდო თვალია - ნახეთ ვინ აკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს


არჩევნებამდე 10 დღე რჩება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ჯგუფები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი. 

ამჟამად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე უკვე დარეგისტრირებულია 36 საერთაშორისო და 75 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ერთიანად, 3000-ზე მეტი დამკვირვებლით. რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა და ცესკოში ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

პანდემიის გამო, ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო მისიები შეზღუდული რესურსებით აკვირდებოდნენ.

  • რა მდგომარეობაა ამჟამად და რა ვიცით ამ ეტაპისთვის?
  • რომელი ორგანიზაციები და რა მასშტაბით დააკვირდებიან 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს?

როცა საკითხი ამა თუ იმ არჩევნების ხარისხის ზუსტ შეფასებას შეეხება, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ყველას პირველ რიგში საერთაშორისო მეთვალყურეების დასკვნები აინტერესებს. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია 2020 წლის სადავო, ხმაურიანი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ჯერ ისევ დაძაბული პოლიტიკური პროცესებისა და „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების - „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირების ფონზე.

პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ - არჩევნების ხარისხს მხოლოდ კენჭისყრის დღე არ განსაზღვრავს, ბევრი რამ წინასაარჩევნო თუ შემდგომ პერიოდებში წყდება და მნიშვნელოვანია, რომ მთელ ამ პროცესს რაც შეიძლება მეტი სანდო თვალი აკვირდებოდეს.

OSCE/ODIHR

შარშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, პანდემიას არ შეუცვლია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის გეგმები.

  • მისიამ ოფისი 26 აგვისტოს გახსნა. თბილისში მუშაობს ძირითადი გუნდი 12 საერთაშორისო ექსპერტის შემადგენლობით;
  • 2 სექტემბერს საქართველოში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვიდა და ისინი 4 სექტემბრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდნენ, წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად;
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოში ელოდებიან დაახლოებით 300 მოკლევადიან დამკვირვებელს უშუალოდ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესების შესაფასებლად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის „მისიის წევრებმა 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 28 მუნიციპალიტეტში არსებული საარჩევნო უბნები მოინახულეს“. საქართველოში საერთოდ ვერ ჩამოვიდნენ მოკლევადიანი დამკვირვებლები.

ცესკოს ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, OSCE/ODIHR-ს ჯერჯერობით დარეგისტრირებული ჰყავს მხოლოდ 80 დამკვირვებელი.

არჩევნების ხარისხის შეფასებისას OSCE/ODIHR -ის დასკვნა წარმოადგენს მთავარ ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

NDI

2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 2 ოქტომბრის არჩევნებს წელს არა დისტანციურად, არამედ ადგილზე შეაფასებს.

თუმცა, როგორც ორგანიზაციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მისია წელს მცირე მასშტაბისაა.

  • NDI-იმ სადამკვირვებლო ჯგუფის მუშაობის დაწყება 6 სექტემბერს გამოაცხადა;
  • გრძელვადიანი შემფასებლების გუნდში შედიან: 3 ანალიტიკოსი, მისიის ხელმძღვანელი და მათი ქართველი თანაშემწეები;
  • გრძელვადიანი ანალიტიკოსები იმუშავებენ მხოლოდ თბილისში და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს ვებსაიტზე NDI-ის 9 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული; ხოლო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ორგანიზაციის 50 დამკვირვებელი იყო.

რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს, NDI-ის გუნდი საარჩევნო უბნებზეც გავა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ 2020 წლის არჩევნებს, 8 ანალიტიკოსის მეშვეობით, დისტანციურად აკვირდებოდა და ინფორმაციას, მათ შორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით იღებდა.

IRI

სიმცირის გამო, დამკვირვებელთა წარმომადგენლობას „მისიას“ არც წელს უწოდებს აშშ-ის „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)”.

როგორც IRI-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, კოვიდვითარების გამო, გარკვეული შეზღუდვის დაწესება მათთვის წელსაც აუცილებელი გახდა.

  • IRI-ი ამ არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში გრძელვადიანი ანალიტიკოსების 5-წევრიანი გუნდით არის წარმოდგენილი;
  • IRI-ი რეგიონებში მუშაობას, შარშანდელი არჩევნების მსგავსად, ვერც წელს მოახერხებს;

ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დამკვირვებელთა გუნდი კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზეც მივა, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი - სად და რა შემთხვევებში.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე IRI-ი 21 დამკვირვებელით იყო წარმოდგენილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს არ ჰყავდა მოკლევადიანი დამკვირვებლები; ხოლო მის გრძელვადიან მისიაში 5 ანალიტიკოსი შედიოდა.

სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები

ცესკოში უკვე დარეგისტრირებულია 36 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჯგუფი და მათ შორის არიან საქართველოში მოქმედი საელჩოებისა თუ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები.

დარეგისტრირებულთა შორის არიან:

  • ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია – 2 დამკვირვებელი;
  • უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი – 2 დამკვირვებელი;
  • იტალიის საელჩო - 7 დამკვირვებელი;
  • იაპონიის საელჩო - 5 დამკვირვებელი;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - მითითებული არ არის დამკვირვებელთა რიცხვი და ამ საკითხის გარკვევა საელჩოში ჯერჯერობით ვერც რადიო თავისუფლებამ მოახერხა;
  • აშშ-ის საელჩო საქართველოში - მითითებული არ არის დამკვირვებელთა რიცხვი. ეს საკითხი ამ ეტაპზე ვერც აშშ-ის საელჩოში გავარკვიეთ.

ამ ეტაპზე ცესკოში სულ 170-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული.

თუმცა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში უთხრეს რადიო თაავისუფლებას, დაზუსტების შემდეგ, მაჩვენებლები თანდათან გაიზრდება.

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 25 სექტემბერს, ხოლო საკითხის გადაწყვეტის საბოლოო ვადა 28 სექტემბერს იწურება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი დარეგისტრირდა, მაგრამ რამდენიმე ასეულმა დამკვირვებელმა საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

  • 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 30 საერთაშორისო ორგანიზაციის 568 დამკვირვებელი.
  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 163 დამკვირვებელი.
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 661 დამკვირვებელი.

ადგილობრივი ორგანიზაციები

საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ცესკოს ვებსაიტზე დარეგისტრირებულია 75 ადგილობრივი ორგანიზაციის 2 900-მდე დამკვირვებელი.

მათი ნაწილი ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით:

  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) - მთელი საქართველოს მასშტაბით ეყოლება 1000-ზე მეტი დამკვირვებელი. ისინი იმუშავებენ როგორც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე, ასევე გარე პერიმეტრზეც. ISFED-ი კვლავაც გამოიყენებს ხმების პარალელურ დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას.
  • „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (GYLA) - საქართველოს 8 რეგიონში, მათ შორის - დიდ ქალაქებში, ეყოლება 350-წევრიანი მისია. დამკვირვებლები იმუშავებენ როგორც უშუალოდ კენჭისყრის ოთახებში, ასევე უბნების გარე პერიმეტრზეც.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“(TI) - ცესკოში დარეგისტრირებულია 254 დამკვირვებლით.

ცესკოს გრაფიკის თანახმად, ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვადა 22 სექტემბერს ამოიწურა.

თუმცა შესაბამის საარჩევნო კომისიებს აქვთ კიდევ 5 დღე იმისთვის, რომ, უკვე შეტანილი განცხადებების მიხედვით, გადაწყვიტონ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხი. ამ პროცესის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG