Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მან „რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ იზიარებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოზიციას და აცხადებს: „ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. მაგრამ ეს არის სამწუხარო შედეგი, რომლლიც ალბათ უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული ის მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

ვგულისხმობ, უფრო კონკრეტულად იმას, რომ თვითონ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის რეგლამენტი, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებზე სამართლებრივ ექსპერტიზას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ეს დასკვნა გამოქვეყნებულიც იყო ჩემი პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერით და ცირკულირებდა სოციალურ ქსელებში. შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით ჩვენ მაშინდელ დასკვნაში, მაგრამ დაიდო ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო".

წულუკიანიმა აგრეთვე ილაპარაკა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

„იმ ადამიანებს, რომლებიც მეც შემხვედრია ბევრი, თქვენც გინახავთ ალბათ, მედია გაჯერებული იყო მათი განცხადებებით, ვინც ამბობს, რომ ამ ტიპის ჰესები დამღუპველია ქვეყნისთვის და ა.შ. მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთი ქართველი დიდი მოყვარული დიდი ჰესების არ გახლავართ, მით უმეტეს, ჩემი კუთხის კონტექსტიდან გამომდინარე, სვანეთს ვგულისხმობ, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ ხოლმე პროფესიონალების აზრს. მე ვიცი, რომ ამ ტიპის პროექტები ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ასე ხელაღებით თქმა, რომ ეს ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, იქნება ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - თქვა თეა წულუკიანმა.

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.

Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG