Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის კომპარტიის არასანქცირებული აქცია


მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, დაიწყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის არასანქცირებული აქცია. პარტიის წევრები და მათი მომხრეები არ ეთანხმებიან 17-19 სექტემბერს გამართული სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებს. ახალი მოწვევის დუმაში საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. მეტროდან ამოსასვლელები არ არის ჩაკეტილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიებაზე მივიდნენ კრემლის მხარდამჭერი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ წევრები. ისინი ცნობილი არიან პროვოკაციებით ოპოზიციური აქციების მონაწილეთა მიმართ.

რუსეთის კომპარტიის მოსკოვის განყოფილებამ განცხადება შეიტანა 25 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში ხუთი ათასი ადამიანის მონაწილეობით აქციის ჩატარების მოთხოვნით. მერიამ აქციის გამართვაზე უარი თქვა და მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დაასახელა. მაშინ კომუნისტებმა გადაწყვიტეს, აქცია ამომრჩევლებთან შეხვედრის ფორმატში ჩაეტარებინათ. მოსკოვის ხელისუფლებამ მათ განუცხადა, რომ ამ ტიპის ღონისძიების გამართვაც უკანონოა.

აქციის წინ მოსკოვში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმები მიტინგის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით.

შაბათს ათი დღე-ღამით დააპატიმრეს მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი. ოპოზიციონერის თქმით, სასამართლომ ის 25 სექტემბრის შეუთანხმებელი აქციის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ. პროტესტის ნიშნად უდალცოვმა შიმშილობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG