Accessibility links

site logo site logo

ჯალალაბადში თალიბებზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა


მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც თალიბანის კოლონის წინააღმდეგ განხორციელდა.

აფეთქება მოხდა პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში, განუცხადა dpa-ს პროვინციაში თალიბების წარმომადგენელმა. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

წყარო ნანგარჰარის რეგიონული საავადმყოფოდან იტყობინება, რომ საავადმყოფომ მიიღო ერთი დაღუპული თალიბი მეომარი და შვიდი დაჭრილი ადამიანი, მათ შორის ოთხი სამოქალაქო პირი.

ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება გამოიწვია გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა, რომელიც აფეთქდა, როცა თალიბი მეომრების კოლონამ ჩაიარა.

ინციდენტისთვის არავის აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თუმცა ჯალალაბადში მსგავსი თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობას კისრულობს ხოლმე ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი შტო „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“.

ნანგარჰარი მთავარი საყრდენია ამ დაჯგუფებისა, რომელიც ავღანეთის ახალ მმართველებს უპირისპირდება. ორი გასამხედროებული დაჯგუფება ჯერ კიდევ მანამდე ებრძოდა ერთმანეთს, სანამ თალიბანი ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში აგვისტოში, როცა ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG