Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია პროკურატურას მიმართავს, "კოკაინშიკობის" შესახებ კობახიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს


"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი და ასევე პრემიერი, ახლა კი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მისი ყოფილი თანაპარტიელისა და მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მის "კოკაინშიკობას" შეეხებოდა. ამ მოთხოვნით გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა განცხადება პროკურატურაში შეიტანეს.

"ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულია ასევე ნარკოტიკების შეძენა და გასაღება... ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა დანაშაულის შესახებ, რასაც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია", წერია განცხადებაში.

პარტია მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე;
  • გამოჰკითხოთ ირაკლი კობახიძე;
  • ჩაატაროთ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენოთ ცრუ დასმენაზე ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობლობის საკითხი.

პარტია "საქართველოსთვის" პროკურატურას ახსენებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა.

აქვე მოყვანილია ირაკლი კობახიძის ყველა ის განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას ნარკოტიკულ საშუალება "კოკაინზე" დამოკიდებულებას შეეხებოდა.

მაგალითად,

  • 2021 წლის 16 სექტემბერს კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით თქვა, რომ "სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი";
  • 2021 წლის 24 სექტემბერს კობახიძემ მედიასაშუალებებთან კვლავ ისაუბრა გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე და თქვა, რომ "კოკაინი" მას პირველად თანაპარტიელმა გაასინჯა.

6 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. ამის ვალდებულება მას კანონით არ ჰქონდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება უნდოდა, თუმცა ამას წინ უსწრებდა, რამდენიმე დღით ადრე გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება.

რამდენიმე დღეში "ქართული ოცნების" ლიდერებმა გიორგი გახარიას შესაძლო ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრეს, მერობის კანდიდატმა კი თქვა, რომ გამოკვლევას ევროპის კლინიკაში ჩაიტარებდა. ჩატარებულმა ანალიზმა, მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაადასტურა. ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ ბრალდებები არ შეწყვეტილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG