Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ათასობით თვითმკვლელი მებრძოლი გაგზავნა ტაჯიკეთის მახლობელ პროვინციაში


ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა გამოაცხადა, ბოლო დღეებში ათასობით თვითმკვლელ მებრძოლს მოუყარა თავი ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ტაჰარის პროვინციაში „იქ არსებული პოტენციური საფრთხეების აღკვეთის მიზნით“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იუწყება 25 სექტემბერს, თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით, რასაც შესაბამისი ფოტოებიც ახლავს თან.

„ისლამური საამიროს მანსურის არმიის სპეცრაზმის ათასობით მებრძოლი დისლოცირებულია ტაჰარში, რათა აღიკვეთოს პოტენციური საფრთხეები და სხვა გამოწვევები“, - ნათქვამია მუჯაჰიდის ტვიტში.

პროვინცია ტაჰარი ტაჯიკეთის ხატლონის ოლქს ესაზღვრება. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ზემოხსენებულ ცნობას „ერთობ გაზვიადებული“ უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ „ის აკონტროლებს ექსტრემისტების საქმიანობას საზღვრის მეორე მხარეზე“.

ისლამური საამიროს მანსურის არმია ძირითადად თვითმკვლელი ტერორისტებისგან შედგება. თალიბებმა გასულ კვირაში განაცხადეს ამ დანაყოფის ბადახშანის პროვინციაში შეყვანის შესახებ.

ტაჯიკეთი ავღანეთის ერთ-ერთი ის იშვიათი მეზობელი სახელმწიფოა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ არ ცნობს „ჩაგვრის გზით ფორმირებულ“ თალიბების მთავრობას. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა, არაერთხელ გააკრიტიკა თალიბები მათი სასტიკი საქმიანობისა და ქვეყანაში მცხოვრები ტაჯიკების უფლებების შელახვის გამო.

ტაჯიკეთის ხელისუფლება ასევე ღიად უჭერს მხარს წინააღმდეგობის ფრონტს, ერთადერთ ძალას, რომელიც ფანჯშირის პროვინციაში თალიბებს უპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG