Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა 27 სექტემბერს, თეთრ სახლში გაუკეთეს
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა 27 სექტემბერს, თეთრ სახლში გაუკეთეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აიცრა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით. 78 წლის ბაიდენს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა თეთრ სახლში გაუკეთეს.

პრეზიდენტმა ამერიკელებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და დღეს არსებულ ვითარებას აუცრელების პანდემია უწოდა. ბაიდენის თქმით, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 23%-ს ჯერჯერობით არცერთი დოზა არ გაუკეთებია და ეს აშკარა უმცირესობა სხვებს აზარალებს.

პრეზიდენტმა მიმართა მათაც, ვისაც ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების უფლება აქვთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ, რადგან დიდი რისკის წინაშე მყოფთათვის მესამე დოზა კიდევ უფრო დიდი დაცვაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, მესამე დოზით აცრა შეუძლიათ 65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს, ასევე, 18-64 წლის ასაკის, მძიმე დაავადების მქონე და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ინფიცირების რისკის წინაშე მყოფ პირებს, რომლებმაც მეორე დოზა გაიკეთეს სულ მცირე 6 თვის წინ.

აშშ-ის პრეზიდენტი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მეორე დოზით იანვარში აიცრა. 27 სექტემბერს, თეთრ სახლში გამოსვლისას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უახლოეს ხანში ვაქცინის მესამე დოზით აიცრება მისი ცოლი, ჯილ ბაიდენიც. მოგვიანებით, პირველი ლედის პრესმდივანმა CNN-ს აცნობა, რომ ჯილ ბაიდენმა ბუსტერ დოზა გაიკეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG