Accessibility links

site logo site logo

გაბუნია ვაქცინაციაზე: დადგა მომენტი, რომ მივიდეთ იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ვაქცინაციის გააქტიურებას, კერძოდ, უფრო მეტი მობილური ჯგუფის მობილიზებას და ხალხმრავალ ადგილებში აცრის შეთავაზებას. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საჭირო რაოდენობაა.

"ჩვენ ვართ უკვე იმ ეტაპზე, რომ მილიონს უახლოვდება ერთჯერადად აცრილი ადამიანების რაოდებობა. ეს ადამიანები თავისით მოვიდნენ ვაქცინაციის პროგრამაში, ახლა უკვე მეტია ის ადამიანი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო - ან ფიზიკური ხელმისაწვდომობის გამო, ან ტრანსპორტირების სირთულის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან არ ჰქონდა გადაწყვიტილი, რომ აიცრას - ასეთ შემთხვევაში დადგა უკვე ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად გავიდეთ გარეთ - ეს იქნება სოფლად თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტია, ან ბიზნესგარემოში, სადაც ბევრი ადამიანია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ უდროობის გამო ან გეოგრაფიული ბარიერების გამო არ უწევდეთ ვაქცინაციაზე უარის თქმა", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34,3%. სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27,5%.

საქართველოში კორონავირუსით 8884 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან მხოლოდ 3 იყო სრულად ვაქცინირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG