Accessibility links

site logo site logo

სამეგრელო-ზემო სვანეთში ააიპ-ის ხელმძღვანელი ამბობს რომ თანამდებობას ზეწოლების გამო ტოვებს


ლევან წულაია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ააიპ-ის, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (დმო) ხელმძღვანელი ლევან წულაია აცხადებს, რომ მასზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა იმის გამო, რომ მისი ძმა ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერია.

ლევან წულაიას სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო სატელეფონო შეტყობინება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. მიზეზად დასახელებული იყო მისი ძმის პოლიტიკური შეხედულება. ლევან წულაიას განმარტებით, ამ შემოთავაზებას თავდაპირველად უარით უპასუხა, თუმცა მას შემდეგ რაც დმო-ის მუშაობაში ხელის შეშლის პროცესი დაიწყო, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო:

„საქმე მივიდა იქამდე, რომ ჩემთან დაპირისპირებამ, ჩემი ძმის პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, უკვე ორგანიზაციაც დააზარალა. ვთვლი, რომ ასეთ პირობებში აზრი არ აქვს ვიბრძოლო", - თქვა წულაიამ. ის ირწმუნება, რომ ორგანიზაციას მუშაობაში ხელს უშლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერიაც.

მისი ინფორმაციით, კითხვებს აჩენს ისიც, რომ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციაში ერთდროულად იმყოფებიან სახელმწიფო და ასევე ადგილობრივი მერიის აუდიტის სამსახურები.

წულაიას ამ განცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა. კონსტანტინე კაკავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი სიტყვებითვე, კითხვას ბადებს ის, რომ ლევან წულაიამ ამ ყელაფერზე საუბარი დაიწყო ახლა, როცა მის შრომით ხელშეკრულებას ვადა ეწურება:

„რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა მას მუნიციპალიტეტთან შრომითი ხელშეკრულება ეწურება?... მე ერთი ვიცი, რომ მე პირადად და არც გუბერნატორს არასდროს არ გვქონია მასთან პოლიტიკაზე და საკადრო ცვლილებებზე საუბარი“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

რაც შეეხება აუდიტორულ შემოწმებას, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიგეგმა მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში გეგმიური, აუდიტორული შემოწმება.

„ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული ვართ შევამოწმოთ ყველა ააიპ-ი (მერიის არაკომერციული, არასამწარმეო იურიდიული პირი) და ყველა ააიპ-ის ხელმძღვანელს ეკისრება ვალდებულება გაასაჯაროოს ხარჯები და ის იყოს გამჭვირვალე. თუ ვინმე არ აკეთებს ამას, რა თქმა უნდა ეს არის არასწორი ნაბიჯი“, - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც მან აღნიშნა, აქვთ ინფორმაცია, რომ დმო-ს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასთან თანამშრომლობაში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციებიც, იმის გამო რომ არაჯეროვნად დაიხარჯა ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები.

ცნობისთვის ტურიზმის განვითარების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია 2018 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რეგიონში რწმუნებულის ადმინისტრაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Zrda-ს) ინიციატივით დაფუძნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG