Accessibility links

site logo site logo

შეიარაღებული შეტაკების შედეგად მინსკში ორი ადამიანი დაიღუპა


ბელარუსი "ჩეკისტები" ზელცერის ბინაში შეღწევას ცდილობენ

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების ერთი წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა 29 სექტემბერს მინსკში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბელარუსის KGB-ს თანაშრომლების მიერ მოწყობილი რეიდის დროს.

"ევრორადიოს" ცნობით, ერთ-ერთი ბინის მისამართის შემოწმების დროს მობინადრემ სამართალდამცველებს ჯერ წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო შემდეგ სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ერთ-ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. საპასუხო სროლით მოკლეს თავდამსხმელი. იგი აღმოჩნდა 31 წლის ანდრეი ზელცერი, აშშ-ში მდებარე EPAM Systems-ის თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში 2016 წლიდან მუშაობდა. მან 2013 წელს დაამთავრა ბიზნესისა და სამართლის კოლეჯი. გატაცებული იყო სპორტით და ნადირობით.

თავდასხმა დაადასტურა ბელარუსის უშიშროების უწყებამ, რომლის გავრცელებული განცხადების მიხედვით, რეიდი მოეწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და მიზნად ისახავდა სავარაუდო ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი საშიში დამნაშავის ადგილსამყოფლის დადგენას, რასაც სამართალდამცველებზე თავდასხმა მოჰყვა.

ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი "ექსტრემისტებად" და "ტერორისტებად" ხშირად მოიხსენიებს ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ნაწილი ან საპატიმროში იმყოფება, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაწყებული რეპრესიების გამო.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG