Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედასთან ერთად დაბრუნებით სააკაშვილი გულისხმობს მშვიდობიან აქტს - ნიკა მელია


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იმდენად აღარ ენდობა პრეზიდენტს, რომ მისი მხრიდან შეწყალების შესაძლებლობას უშვებს.

წინასაარჩევნოდ ტელევიზიის ჟურნალისტებთან გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მშვიდობიან სურვილზე და აღნიშნა, რომ დედასთან ერთად დაბრუნება, ამის სიმბოლური სახეა.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორც ჩანს, მათ ნდობა აღარ აქვთ და მინიმუმ თეორიულად უშვებენ შესაძლებლობას, რომ მან, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ერთი ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილი და მისი ყველა ბრალი, რომელიც არის უკვე ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის სახით, გაქარწყლდეს და დაზღვევის მიზნით აქვთ მოფიქრებული ის, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობთ, ამის მიღმა მე ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოსალოდნელ დესტაბილიზაციას, ნიკა მელიამ თქვა, რომ სააკაშვილმა ღიად განაცხადა თავისი განზრახვის თაობაზე და ეს ყველასთვის ცნობილია.

„ის არა საცალფეხო ბილიკით შემოდის, არა სახმელეთო საზღვრიდან უნდა შემოპარვა ადამიანს. ძალიან საჯაროდ თქვა და გზავნილს აძლიერებს იმით, რომ მოდის ოჯახის წევრთან ერთად და ქალბატონმა წულუკიანმა გუშინ ძალიან უკბილოდ და, ჩემი აზრით, უზნეოდ, კნინობითად, დამცინავად თქვა, რომ დედასთან ერთად მოდისო. დიახ, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში, დიახაც, მშობლებთან ერთად ვიბრძვით - ვიღაცა დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაცა მამასთან ერთად იბრძვის, ვიღაცა დასთან და ძმასთან ერთად იმიტომ, რომ ყველა ვართ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები და ქართველები. და ამ ჟესტით მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ იგი გულისხმობს თავიდან ბოლომდე მშვიდობიან აქტს და კარგადაც ითვალისწინებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის წუხილს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან დასძინა, რომ პირველი, ვისაც არ სურს, ივანიშვილის რეჟიმს დესტაბილიზაციის საშუალება მისცეს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა მელიას თქმით, 2 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და ეს იქნება საშუალება, უკვე გაზაფხულზე ჩატარდეს „ის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც თაობები მინატრიან“ .

მისივე სიტყვებით, დედასთან ერთად დაბრუნებით მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიან სურვილს უსვამს ხაზს.

მშვიდობას ვგულისხმობთ და დიახაც, მიხეილ სააკაშვილი ამას ხაზს უსვამს, როდესაც ბრუნდება ქვეყანაში დედასთან ერთად და მით უმეტეს იცის, რომ ის თვითმფრინავი, რომელშიც იგი იჯდება, არავინ არ იცის, რომელ აეროპორტში დაჯდება, იქნება ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თუ რომელიმე სხვა, არავინ არ იცის, მაგრამ მოდის, მეც მის ადგილზე იგივეს გავაკეთებდი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას, მას უბრალოდ აღარ უნდა დევნილად ყოფნა. „არავითარი შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს პროვოკაციის მოწყობის არ ექნება, დიდი სურვილი აქვს, მაგრამ არ ექნება“, - დასძინა ნიკა მელიამ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდში არ არსებობს მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ის არც საერთაშორისო პარტნიორებისგან ელის აქტიურობას მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმ შემთხვევაში, თუკი 2 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა და მას დააკავებენ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების საკითხის კომენტირებისას დედასთან ერთად დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება, თქვა, რომ იმედია არავის ეწყინა მისი დამცინავი რეაქცია - "სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება", - თქვა წულუკიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. გუშინ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ამ დრომდე ის ქვეყანაში არ დაბრუნებულა. საქართველოს სასამართლომ ის დაუსწრებლად სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სამართალდამცავებს მისი დაკავება შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG