Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 წლის შემდეგ, არჩევნების დღეს - სააკაშვილის ჩამოსვლის დილემა


გეგმებში არაფერი შეცვლილა - საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისში კიევიდან 2 ოქტომბერს, ღამით ჩამოვა. მას ამჯერად ბილეთიც შეძენილი აქვს.

პარტიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას უცნობი პირის მიერ ავიაბილეთის ჯავშნის 31 დეკემბრისთვის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ, თუკი 8-წლიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას ციხე ელის და ასევე, დაიჭერენ ყველას, ვინც მის დაკავებას შეუშლის ხელს. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მომხრეების მობილიზაციაზეც ლაპარაკობს.

  • რას აპირებს „ქართული ოცნება“ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არჩევნების დღეს?
  • რა კორექტივებს შეიტანს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლა ოპოზიციური პარტიების გეგმებში?
  • როგორ განვითარდა მოვლენები მაშინ, როდესაც სააკაშვილი ერთხელ უკვე ჩავიდა ქვეყანაში, სადაც მას სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ?

27 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთის ჯავშანი, ფოტოზე დატანილი კოდის მიხედვით, უცნობმა პირმა 31 დეკემბრისთვის გადაიტანა, ხოლო შემდეგ - ბილეთი საერთოდ აღარ იძებნებოდა სისტემაში.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ეს არის ისტერიკა. ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ჩვეულებრივი პანიკური შეტევა და ეს არის ბოდვა, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ“, - გვითხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნონა მამულაშვილმა.

კიევი-თბილისის ავიარეისზე ნაყიდი ბილეთი მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკგვერდზე 27 სექტემბერს ღამით გამოაქვეყნა და გაირკვა ისიც, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლას ის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის პოსტს ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს ფეისბუკში. მომხრეები მის ჩამოსვლას ხელისუფლების შეცვლის იმედებს უკავშირებენ და დახვედრასაც ჰპირდებიან:

  • პრეზიდენტო, გელოდებით. უზომოდ მინდა, რომ თქვენ საქართველო ააყვავოთ ისევ;
  • ვულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენი ღირსეული მთავარსარდალი ბრუნდება საქართველოს გადასარჩენად;
  • გელოდებით, ბატონო პრეზიდენტო, აეროპორტში;
  • ვიცოდი, მჯეროდა, დაგხვდებით;
  • არის თუ არა ეს ბილეთი? არის. პრეზიდენტო, გელოდებით;
  • იმდენი ადამიანი იქნება თქვენს გვერდით, ვერც წარმოიდგენთ;
  • ჩამო რა ამათი დღე უნდა მორჩეს!!! ქართული ოცნება უნდა დასრულდეს. ქურდები და კორუმპირებულები!!!
  • დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ვარ ახლა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტია არ გეგმავს მომხრეების მობილიზაციასა და აეროპორტში მიყვანას.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ჩამოდის. მან ასევე თქვა - სად იქნება. თუ მხარდამჭერებს ექნებათ სურვილი, რომ დახვდნენ, მათ შეუძლიათ, რომ ეს გააკეთონ. ჩვენ არ ვაპირებთ ორგანიზებას“, - გვითხრა მამულაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა, ხალხს პრეზიდენტის ღირსეულად დახვედრისკენ მოუწოდებს ლიდერი პარტიისა „კანონი და სამართალი“, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.

ის გმობს შერჩევით სამართალს და მოითხოვს, რომ - „ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის თანახმად, მიეცეს ყოფილ პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!“

სახიფათო მუქარა

„სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის, მგონი, დედასთან ერთად... დედას ბუშტი გვიბრუნდება“, - თქვა 28 სექტემბერს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძირითადად არ სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. 28 სექტემბერს გაკეთებული კომენტარები ცინიზმით იწყება და დაჭერის მუქარით სრულდება.

„თუ მაინც ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და მან ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცის“, - ასე განაგრძო კომენტარი წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაჭერას დაჰპირდა არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ რამდენიმე საქმისთვის მსჯავრდებულ სააკაშვილს, არამედ მათაც - ვინც მისი დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს.

პრემიერ-მინისტრი უფრო შორსაც წავიდა - თქვა, რომ სააკაშვილს მხარდამჭერები ვერ დაიცავენ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე მეტი ადამიანის მობილიზებას შეძლებს და სააკაშვილს დახვდება ასობით ათასი გამწარებული ადამიანი.

ამ კომენტარის შინაარსი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდებად აღიქვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა და მით უფრო იმ ფონზე, როცა - მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტში მისვლას მისი მხარდამჭერებიც გეგმავენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ღიად წერენ.

„ყველა პროვოკაციულ ქმედებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას კერძოდ ირაკლი ღარიბაშვილს! ნუ ივანიშვილი იგულისხმება ცხადია“, - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხალხის ორგანიზებას არ გეგმავენ, თუმცა არც შეჩერების მოწოდებები ისმის.

„არ სჭირდება „ქართული ოცნების“ ორგანიზება იმას, რომ ადამიანები, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რაოდენობა, ოჯახის წევრები, გამოვიდნენ პროტესტით სააკაშვილის მიმართ“, - თქვა 28 სექტემბერს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

28 სექტემბერს ბევრმა გაიხსენა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, როცა მოძალადეებმა, ჟურნალისტების მასობრივ ცემამდე, პირველი რიგის ამოცანად რუსთაველის გამზირზე გაშლილი საპროტესტო კარვების აღება ჩათვალეს, რაც ხელისუფლების ინტერესში შედიოდა.

შემდეგ კი, ძალადობის სიტყვიერად დაგმობას მოძალადეთა ადეკვატური დასჯა აღარ მოჰყოლია.

„საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს იმაზე დიდ შეცდომას, ვიდრე მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებაა - პროვოცირება და მით უფრო - ორგანიზება...

ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას წესრიგი და თუ რამეს გასაკეთებლად თვლიან, თვითონ უნდა აკეთებდნენ და არ უნდა გადააბარონ მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა, არცერთმა მხარემ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე.

არჩევნების დღის ბოლოს

რვა წლის განმავლობაში სააკაშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ დაბრუნდებოდა საქართველოში, თუმცა ახლა, არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს მისი ჩამოსვლა ადრინდელი დაპირებებისგან განსხვავებით ყველაზე რეალურად გამოიყურება.

ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ცნობა „ნაციონალური მოძრაობის“ მეტ მხარდამჭერს მიიყვანს არჩევნებზე. თუმცა არის ასევე მოსაზრება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედით, მხარდამჭერები - არა არჩევნებზე, არამედ უფრო აქტიურად მის დასახვედრად, აეროპორტში მივიდნენ.

„უკეთესი იქნება, თუ ჩვენს გასაკეთებელზე პასუხისმგებლობას სხვას არ დავაკისრებთ... მინდა ვკითხო ნებისმიერ მოქალაქეს - ვინმეს ჩამოსვლით ჩვენს ხელში ბიულეტენების რაოდენობა გაიზრდება?! იმაზე მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, ვიდრე საქართველოში არსებობს, თუ რა მოხდება?!“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

პირველ რიგში სწორედ არჩევნებზე მისვლის აუცილებლობას ესმება ხაზი სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდანაც. საკუთარ ამომრჩევლებს ისინი საარჩევნო პროცესზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებენ.

განრიგით თუ ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვებისას საარჩევნო უბნები უკვე სამი საათის დახურული იქნება.

ეს დრო ემთხვევა ცესკოს მიერ შედეგების თანდათან გამოქვეყნების პროცესსა და ეტაპს, როცა ქართულ საარჩევნო რეალობაში, პარტიები თავიანთ ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ და ხშირად ცესკოსთანაც იკრიბებიან.

სააკაშვილის ჩამოსვლა ქვეყანაში მოვლენების დამატებით ეპიცენტრს ქმნის. ბობოხიძე გვეუბნება, რომ ჩამოსასვლელად არასწორი დროა შერჩეული:

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მე სხვა დროს შევარჩევდი და არა იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილი დაკავებული უნდა იყოს ხმების დაცვით... მე მაინც მგონია, რომ ქვეყნის მთავარი ბედი უნდა გადაწყდეს საარჩევნო ბიულეტენებით... ჩვენს გეგმებში მისი ჩამოსვლა ცვლილებებს ვერ გამოიწვევს და იმედი მაქვს, რომ „ნაციონლური მოძრაობის“ ამომრჩევლების უპირველესი ამოცანა ასევე იქნება ხმების დაცვა“.

უკრაინის მსგავსად?

სააკაშვილი მეორედ ჩადის ქვეყანაში, სადაც მას დასჯით ემუქრებიან.

პირველად ეს პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, უკრაინაში მოხდა, 2017 წელს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელსაც იმხანად შეჩერებული ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა, 10 სექტემბერს ასობით მხარდამჭერთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადალახვა და უკრაინაში შესვლა მოახერხა.

დეკლარირებულად, მისი მიზანი იყო - უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება, პოლიტიკური მოძრაობის გააქტიურება და რეფორმების საქმის „ბოლომდე მიეყვანა“.

  • უკრაინაში შესვლას ის კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით გეგმავდა და მისმა მხარდამჭერებმა დილიდანვე დაიწყეს ადგილზე შეკრება.
  • თუმცა, შემდეგ, კრაკოვეცის გამშვები პუნქტი, უსაფრთხოების მოტივზე აპელირებით, მედიკა-შეჰინის გამშვები პუნქტით შეიცვალა.
  • პოლონეთის ქალაქ ფშემისლში სააკაშვილს ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი შეუერთდა. მათ შორის იყო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.

თავდაპირველად სააკაშვილი მატარებლით აპირებდა მგზავრობას, თუმცა წინააღმდეგობა შეხვდა და გზა ავტობუსით გააგრძელა.

პოლონელმა მესაზღვრეებმა ის გაატარეს, თუმცა უკვე უკრაინის მხარეს მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა შეაჩერეს.

ბოლოს, მხარდამჭერების დახმარებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საზღვრის გადაკვეთა მოახერხა.

მხარდამჭერებმა სააკაშვილი „მიშა, მიშას“ ძახილით შეაცილეს ქვეყანაში. შემდეგ ის ლვოვში გაემგზავრა და თავის მხარდამჭერებს აქციაზე სიტყვითაც მიმართა.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილის დასჯა ვერ მოახერხა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG