Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმია თუ არ არის ბათუმი? - სად დგას მიშა


“ეს არის ჩემი ბათუმი, ყველაფერი გავრისკე, რომ აქ ჩამოვსულიყავი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც 1 ოქტომბრის დილით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა მისსავე ფეისბუკის გვერდზე.

სააკაშვილის ორი მიმართვა, რამდენიმე წუთში პირველი ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა მეორე ჩანაწერიც, გადაღებულია ღამით, განათებული შენობების ფონზე, ასევე კადრში ჩანს წყალზე მოლივლივე ანარეკლები. ერთი შეხედვით, ცალსახად ძნელია იმის დაზუსტებით თქმა, სად არის კონკრეტულად გადაღებული ეს მიმართვები და შენობები, რომელიც სააკაშვილის ზურგს უკან ჩანს.

ვიდეომ მაშინვე გააჩინა კითხვა, ნამდვილად არის თუ არა ბათუმი ის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ეს ვიდეოები ჩაწერა?

ამ საკითხზე თავად ბათუმელების და ამ ქალაქის კარგად მცოდნეების აზრიც გაიყო, თუმცა ყველა ვერსია მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება.

კადრი სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
კადრი სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სულხან სალაძე, რომელიც კარგად იცნობს აჭარასა და ბათუმს, ამბობს, რომ გადაჭრით რამის მტკიცება რთულია, ის მხოლოდ გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ახალი ბულვარის ტერიტორია. ფერადი შენობა კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული პირველი ვიდეოდან, შეიძლება ის სასტუმროა, რომელშიც წლების წინ ხანძარი გაჩნდა.

კიდევ ერთი ბათუმელი გვწერს, რომ გადაჭრით თქმა უჭირს - ადგილი ბათუმს თან ჰგავს, თან არა.

„თუ ბათუმია, მაშინ, შესაძლოა, გადაღებული არის "მაჭახელასთან", პორტში, სასტუმრო ლეოგრანდთან.

უკან თეთრად რომ ჩანს რაღაცნაირი შენობა, ეგ წესით ლეოგრანდია, ძალიან ჰგავს. თუ ეგაა, ზუსტად რესტორან "მაჭახელასთან" უნდა იდგეს წესით და უკან უნდა ჰქონდეს ლეოგრანდი“.

რესპონდენტი ასევე გვეუბნება, რომ ფერადი შენობა ვიდეოში - შეიძლება პორტის ადმინისტრაციის ახალი შენობაა, რომელსაც ღამით ფერადად ანათებენ.

კადრი ვიდეოდან, რომელიც მიხეილ საააკაშვილმა გაავრცელა
კადრი ვიდეოდან, რომელიც მიხეილ საააკაშვილმა გაავრცელა

კიდევ ერთი ბათუმელის ვარაუდით, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თუ ეს ვიდეო ფეიკი არ არის, მაშინ, შესაძლოა, მართლაც ბათუმი იყოს, პორტის ტერიტორია. ისიც ვარაუდობს, რომ კადრში ჩანს საბაგიროს შენობა და სასტუმრო ლეოგრანდის შენობა.

იგივე კითხვა ბათუმის თემაზე შექმნილ ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფშიც დავსვით. გამოკითხვის შედეგად ასეთი პასუხები მივიღეთ:

"ერთი საბაგიროს უკანაა გადაღებული, საბაგიროც ჩანს ბოლოს და განათებული ლეოგრანდიც. მეორე ახალ ბულვარშია, ორბის მაღალი კორპუსი ჩანს უკან და გვერდით მეტროსითის განათებული სასტუმროები".

"გუშინ კოკისპირულად წვიმდა".

"პირველი, ჩემი აზრით, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაა და მეორე ბულვარში შერატონის მიმდებარედ".

"შერატონი არა. ახალი ბულვარია მეტროს და ეუფორიის წინ".

"ფეიკია".

"კადრი ბათუმისაა ოღონდ ფონად".

"ახალი ბულვარია, მეტრო სითი ჩანს დასაწყისში და მერე ბიჩ თაუერი და ახალი მშნებლობაც ფონად".

"ეს ბათუმია??? ორივე მხარეს ზღვა როგორ არის??? ზღვაში შეჭრილ კუნძულზეა??? აქ უნდა ყოფილიყო ტექნოლოგიური ინსტიტუტიო, ამბობს და შენობებს აჩვენებს, ხედავთ ამ შენობებს შორის ბულვარში აშენებულ ინსტიტუტის შენობას??? ან მისი ეშმაკის ბორბალი სად არის??? ან ბათუმის ცათაბჯენები??? ღამე ყველაფერს მალავს?"

1 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა: „დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“.

და ცოტა ხანში ორი ვიდეოც მოაყოლა, სადაც ამბობს, რომ ის ბათუმში იმყოფება. ორივე ვიდეო ისეა ჩაწერილი, რომ დაზუსტებით ძნელია ამის ამოცნობა.

ასევე არ ვიცით დაზუსტებით, როდის არის ვიდეო გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„ძალიან მარტივი ფეიკია, რაც სააკაშვილისგან არავის უკვირს“, - ასე გამოეხმაურა ​„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.

* სტატია განახლდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG