Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: თუ სააკაშვილი საქართველოშია, მაშინ ესაა დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს


მამუკა ხაზარაძე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი
მამუკა ხაზარაძე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მედიასთან აღნიშნავს, რომ არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, შემოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. მისივე თქმით, თუ ექსპრეზიდენტი მართლაც იმყოფება ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია:

„მეც, როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ესეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ, უსმენს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ესეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. მე მინდა, რომ დაველოდო ზუსტ ინფორმაციას და ამის მერე გავაკეთო კომენტარი", - განაცხადა მედიასთან კომენტარში მამუკა ხაზარაძემ.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნება. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებები საქართველოში დაბრუნების შესახებ 1 ოქტომბერს დაამთხვია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელშიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG