Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის, სასამართლო სისტემის შემდგომი დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, თითოეული მათგანი კი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებს დაუდასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება ევროპული ინტეგრაციისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ ევროპარლამენტი გააძლიერებს ამ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი სამეზობლო ფორმატის შექმნის შესახებ.

ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG