Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რატომ დღეს და რატომ სწორედ ჩვენს საზღვრებთან?“ - რა ასაზრდოებს დაძაბულობას ირანსა და აზერბაიჯანს შორის?


ირანის სამხედრო სწავლების ეპიზოდი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.
ირანის სამხედრო სწავლების ეპიზოდი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.

1 ოქტომბერს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური სამხედრო სწავლება წამოიწყეს მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრებთან, რასაც აზერბაიჯანის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

წვრთნას „უპრეცედენტო“ უწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ირანული სამხედრო სწავლების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„რატომ დღეს და რატომ სწორედ ჩვენს საზღვრებთან? ამ შეკითხვებს სვამს აზერბაიჯანის საზოგადოება და არა მე“, - განუცხადა 27 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სააგენტო „ანადოლუს“.

ასე დასმულმა შეკითხვამ აზერბაიჯანის საზოგადოებაში კიდევ უფრო გაზარდა შეშფოთებაც და კრიტიკაც ირანის მიმართ, რომელშიც ბაქო ყოველთვის ხედავდა პარტნიორთან ერთად რეგიონულ მეტოქესაც.

სახიფათო ანტიაზერბაიჯანული რიტორიკა


ირანის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებულ მანევრებში ჩართულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, არტილერია, უპილოტო თვითმფრინავები, რადიო-ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფი და შვეულმფრენები.

ირანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ბრიგადის გენერალ ქიუმარს ჰეიდარის თქმით, ირანის ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონში მიმდინარე წვრთნის დაწყება თეირანმა წინასწარ გამოაცხადა. ქიუმარს ჰეიდარმა აღნიშნა ისიც, რომ ირანის ტერიტორიაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარებულ ყველა მსგავს წვრთნაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია.

მაგრამ აზერბაიჯანში ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება ბაქოს მიერ გადადგმული რამდენიმე ისეთი ნაბიჯის გამო, რაც ძალიან არ მოსწონს თეირანს.

ამ ეჭვს ზოგიერთი პროსახელისუფლებო ირანელი კომენტატორის მიერ ინტერნეტით გავრცელებული ანტიაზერბაიჯანული რიტორიკაც აძლიერებს.

ირანის სამხედრო სწავლების ეპიზოდი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.
ირანის სამხედრო სწავლების ეპიზოდი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.

„წარმოიდგინეთ, რომ დაიწყო ომი აზერბაიჯანთან. ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია გაისროლოს 1000 ბალისტიკური რაკეტა და გაანადგუროს 1000-მდე მნიშვნელოვანი სამიზნე. ომი დასრულდება ერთ დღეში და არ იქნება დრო იმისთვის, რომ საქმეში სხვა ტექნიკაც ჩაერთოს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას აზერბაიჯანში ოფიციალური პირების ქადილიან განცხადებებს“, - დაწერა ტვიტერზე ჰოსეინ დალირიანმა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებულმა კომენტატორმა.

ასეთი კომენტარები ცხადია ცეცხლზე ნავთს ასხამს აზერბაიჯანში, სადაც თეირანს საყვედურობენ რადიკალური შიიტური ჯგუფების მხარდაჭერას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების ეთნიკური ნიშნით შევიწროებას.

„ირანს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ სუსტები. მას არ სურს ძლიერი აზერბაიჯანი. ეს იმიტომ, რომ სამხრეთ აზერბაიჯანში, ირანის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანში, დაახლოებით 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ისინი ჩვენს სახელმწიფოში ხედავენ თავიანთ სახელმწიფოს. ისინი [ირანის ხელისუფლება] ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანელებმა შეიძლება დაიწყონ გარკვეული სეპარატისტული მოძრაობა და ყველაზე მეტად ამის ეშინიათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უსფრთხოების საკითხების აზერბაიჯანელმა ექსპერტმა, ილჰამ ისმაილმა.

გამაღიზიანებელი ფაქტორი

საინტერნეტო გამოცემა „ეურაზიანეტის“ თანახმად, ბოლო დროს ირანისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა სტეფანაკერტთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის ერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან გამკაცრებული კონტროლი და ათობით ირანული სატვირთო მანქანის დაკავება. პასუხად ბაქოში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა ოკუპირებული ზანგილანის რაიონი, ამას ბუნებრივად მოჰყვა სტეფანაკერტთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლის აღდგენა.

„ამჟამინდელი დაძაბულობის საბაბი გახდა სიტუაცია კაფან-გერუსის ტრასის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის გარშემო, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის და მასზე ძირითადად საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული ირანული სატვირთო მანქანები მოძრაობენ. აზერბაიჯანის მხარემ ირანული მანქანები დააკავა და მოსთხოვა საბაჟო შემოწმების გავლა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს მანქანები ლაჩინის დერეფნის გავლით ხანქენდისკენ (სტეფანაკერტი) მიემართებიან და ფაქტობრივად არღვევენ სახელმწიფო საზღვარს. როდესაც ჩვენ მათ პრეტენზია წავუყენეთ, ეს ირანს არ მოეწონა და ამ ჩვენი პრეტენზიების პასუხად ისინი მუქარაზე გადავიდნენ“, - ამბობს ილჰამ ისმაილი.

აზერბაიჯანში ასეთ მუქარად აღიქვეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს კორპუსის სახმელეთო ძალების სარდლის, გენერალ მოჰამედ ფაკფურის 29 სექტემბრის განცხადება.

„ირანი არ მოითმენს, რომ მისი მეზობლები გადაიქცნენ ყალბი სიონისტური რეჟიმის სამხედრო ბაზად და თავშესაფრად“, - გენერალ ფაკფურის განცხადება გამოცემა „ევრაზიანეტმა“ გაავრცელა.

აზერბაიჯანში დარწმუნებული არიან, რომ ირანელ გენერალს მხედველობაში ჰქონდა სწორედ აზერბაიჯან-ისრაელის ეკონომიკური პარტნიორობა, რომელსაც 2016 წლიდან უსაფრთხოების ელემენტიც დაემატა.

„აზერბაიჯანი თანამშრომლობს ისრაელთან უსაფრთხოების სფეროში და 2016 წელს მოსადის ხელმძღვანელმა, კოენმა, ისრაელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქოში გაიხსნებოდა მაღალი რანგის ოფიცერთა ცენტრი აზერბაიჯნისათვის უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ეს თანამშრომლობა არსებობს და ირანელებმა ეს იციან. მაგრამ ეს არ ყოფილა საიდუმლო. ეს თეირანმა იცის და გამოხატავს ამით უკმაყოფილებას. მაგრამ ირანი ასევე გმობს, ვთქვათ, ბაჰრეინის თანამშრომლობას ისრაელთან და ასე შემდეგ, რადგანაც ასეთია ირანის ექსტენსიური პოლიტიკის არსი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეხმან ალიევმა, ახალი ამბების სააგენტო „თურანის“ მთავარმა რედაქტორმა.

ალიევს გადაჭარბებული ეჩვენება ის აჟიოტაჟი, რაც აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებულ ირანულ სამხედრო მანევრებს მოჰყვა აზერბაიჯანის საექსპერტო წრეებში. ის ამბობს, რომ აზერბაიჯან-ირანს შორის ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების მიუხედავად, გამართულად მუშაობდნენ სატრანსპორტო კომუნიკაციები და ირანს არასოდეს გადაუდგამს აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯი.

„ეს შეეხება ჩრილოეთ-სამხრეთის საავტომობილო ტრასას, რომლითაც ტვირთები შეუფერხებლად მოძრაობდნენ სპარსეთის ყურიდან რუსეთის საზღვრამდე. არ ყოფილა არავითარი მოქმედება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკადის კუთხით. ირანსა და აზერბაიჯანს აქვს რამდენიმე ერთობლივი პროექტი, მათ შორის, ნახიჩევანის ირანული ბუნებრივი აირითა და საწვავით უზრუნველსაყოფად, რომლის სანაცვლოდ ჩვენ ჩრდილოეთ ირანს ვაწვდიდით ბუნებრივ აირს. ანუ არსებობს მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა. ყარაბაღთან დაკავშირებითაც არასოდეს ყოფილა პრობლემა და ირანი ყოველთვის უჭერდა მხარს აზერბაიჯანს. და კიდევ უნდა ვახსენო ხუდაფერინის ჰიდროქსელი, რომელსაც მართალია ერთობლივი ჰქვია, ფაქტობრივად ირანი აშენებდა და მისგან აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი დივიდენდები ჰქონდა. ანუ, თუ სიტუაციას დავაკვირდებით, არსებობს ორ ქვეყანას შორის მუდმივი, საქმიანი ურთიერთობები და არასოდეს ჩვენ შორის არ მომხდარა სერიოზული ექსცესი და არასოდეს მომხდარა გასროლა“, - ამბობს მეხმან ალიევი.

გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, თეირანი დაინტერესებულია, რომ ხორცი შეესხას „3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონალურ ფორმატს, რომლის იდეაც 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG