Accessibility links

site logo site logo

შსს-მ არჩევნებზე სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს სავარაუდო სამართალდარღვევებზე გამოძიება დაიწყო. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა კონკრეტული შემთხვევები დაასახელა.

  • ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში #48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს;
  • ბათუმში #64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას;
  • მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100-მეტრიანი დისტანციის დარღვევისთვის 30-მდე შემთხვევაში გააფრთხილა მოქალაქეები;
  • თელავის #13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2000 ლარით.

"მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG