Accessibility links

site logo site logo

არჩევნები 2021: სად, როდის და რატომ ჩატარდება მეორე ტური?


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია.

უფრო ზუსტად, რატომ ინიშნება მეორე ტური?

2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველს სამი ბიულეტენი დახვდა - პირველში მერობის კანდიდატებით, მეორეში - საკრებულოს მაჟორიტარობის, მესამეში კი - პარტიების.

მერის არჩევნებში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. თუ ვერცერთი კანდიდატი ამ ნიშნულს ვერ გადალახავს, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური.

პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში პარტია მოხვდება, თუ ის გადალახავს 2,5%-იან ბარიერს, ხოლო რეგიონებში - 3%-ს.

როდის ჩატარდება?

როგორც მერის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს - ამ შემთხვევაში, 30 ოქტომბერს.

ვინ იქნება ბიულეტენზე?

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 თვითმმართველ თემში ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

გამონაკლისია თიანეთი, სადაც მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ პარტიის „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.

სად ჩატარდება მეორე ტური?

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია:

თბილისი

  • კახა კალაძე - „ქართული ოცნება“
  • ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“

ბათუმი

  • არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“
  • გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“

ქუთაისი

  • იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“
  • ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“
  • დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“

ფოთი

  • ბექა ვაჭარაძე - „ქართული ოცნება“
  • გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობა“

მეორე ტურია მოსალოდნელი 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG