Accessibility links

site logo site logo

რა ხარვეზები აღმოაჩინეს OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა?


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჯამში 338 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს.

ალბერტ იონსონის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „ზოგადად კარგად იყო მართული“, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე და ეს პერიოდი ხასიათდებოდა „თანმიმდევრული ბრალდებებით, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას“:

ალბერტ იონსონი
ალბერტ იონსონი

„ზოგადად კამპანია იყო წყნარი, თუმცა დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები და ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს, რომლებიც უფრო გაძლიერდა საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად. აგრეთვე ადგილი ჰქონდა აგრესიულ რიტორიკას, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რამაც მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა. კანდიდატები და ამომრჩევლები ყურადღებას ამახვილებდნენ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრული ბრალდებებზე, რომლებიც უკავშირდება ხმების მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, დაშინებას და ამ ყველაფერმა, რასაკვირველია, გაზარდა შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის უფლებას, რომ ხმა მისცეს თავისუფალ გარემოში“.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აქცენტს აკეთებს საარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის მახასიათებლებზეც. მისი თქმით, „მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული“:

„ხდებოდა მცირე ანალიტიკური და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით, შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. მედია გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო მკვეთრი დაყოფა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. მედიამონიტორინგის შედეგებმა, რომელიც განხორციელდა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ, აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი ამ ყველაფერის გამო ამომრჩეველს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი. სამაუწყებლო არხები არჩევნებს აშუქებდნენ ინტენსიურად, მაგრამ უმეტესწილად ყურადღება მახვილდებოდა სამ პოლიტიკურ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიაზე „საქართველოსთვის“. ნაკლებად იყო გაშუქებული ანალიტიკური და საგამოძიებო ასპექტები“.

ალბერტ იონსონის თქმით, შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და დაშინების შემთხვევები.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება „რესურსების მნიშვნელოვან დისბალანსზე“, რაც მოგვიანებით, მმართველი პარტიის „უპირატესობასა და სარგებელზე აისახა“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აქცენტი გააკეთეს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა დაბალ წარმომადგენლობაზე:

„ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში იყო ადეკვატური. ქალთა წილმა საერთო ჯამში ვერ მიაღწია 42,5%-ს“.

ალბერტ იონსონის განცხადებით, საარჩევნო დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში, ორგანიზებულად, თუმცა, აღინიშნებოდა ცალკეული ძალადობის ინციდენტები. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის პროცედურა შეაფასა პოზიტიურად. მისივე თქმით, გამჭვირვალედ შეფასდა ხმების დათვლის პროცესიც, თუმცა, „გარკვეულ უბნებზე იყო პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით“.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში, საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა, განსაკუთრებით ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავების მოგვარებას და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას.

ალბერტ იონსონის თქმით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ნდობა გამოხატეს საარჩევნო სიების სიზუსტის მიმართ, მაშინ როცა თავად „კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის დროს ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა გააუქმა მონაწილეობა, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას“.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებისას, არ იქნა გათვალისწინებული ODIHR-ის წინა რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება სამართლებრივი ჩარჩოს გაფართოებას და ნებისმიერი ტიპის საარჩევნო საჩივრის დაჩქარებულ ვადებში განხილვას:

„სადამკვირვებლო მისიის წევრებმა გამოხატეს ნდობის ნაკლებობა საარჩევნო კომისიის კომპეტენციებს შორის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების კუთხით, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვა მოხდება მიუკერძოებლად და ეფექტიანად“, - ამბობს ალბერტ იონსონი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჯამში 338 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათ შორის 30 დამკვირვებელი საქართველოში 4 სექტემბრიდან იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG