Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გახსნეს გახმაურებული სერიული მკვლელობის საქმე


საფრანგეთში გაიხსნა უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საიდუმლო. იდენტიფიცირებულია სერიული მკვლელი მეტსახელად Le grêlé (ნაყვავილარი სახე), რომელმაც 1980-იან და 1990-იან წლებში რამდენიმე მკვლელობა და გაუპატიურება ჩაიდინა.
დამნაშავე აღმოჩნდა ყოფილი ჟანდარმი და პოლიციელი. ფრანსუა ვეროვი მიმალვაში იმყოფებოდა 35 წელი, ხოლო საქმე, რომელსაც პარიზის კრიმინალური პოლიცია იძიებდა, ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ საქმედ ითვლებოდა.

გამოძიებას გააჩნდა ეჭვმიტანილის ფოტორობოტი, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნეს პარიზში 11 წლის გოგოს გატაცებისა და მკვლელობის შემდეგ.

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, პოლიციას ჰქონდა დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ, რომლის წყალობითაც მოხდა სერიული მკვლელის დადგენა.

საქმე გაიხსნა მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა გადაწყვიტეს დანაშაულთან შესაძლო კავშირზე შეემოწმებინათ პარიზის რეგიონის ჟანდარმერიის ყველა თანამშრომელი.

1962 წელს დაბადებული ფრანსუა ვეროვი იმათ შორის იყო, რომელმაც პოლიციისაგან 24 სექტემბერს მიიღო შესაბამისი უწყება. 27 სექტემბერს პოლიციელის ცოლმა განაცხადა ქმრის გაუჩინარების შესახებ. ყოფილი ჟანდარმის გვამი 29 სექტემბერს იპოვეს საფრანგეთის სამხრეთში ნაქირავებ ბინაში.

მან სიკვდილის წინ დაწერა წერილი, რომელშიც ინანიებს ჩადენილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG