Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზებისთვის


საქართველოს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგი ბევრად მეტია, ვიდრე „ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი“.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა თქვა, რომ მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა, რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მოუწიათ, რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ:

„ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო სამი წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და, იმედი მაქვს, ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში, იმისთვის, რომ დავდოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი და ყველამ, თითოეულმა ოჯახმა, მათ შორის სოფლად, თავის თავზე იგრძნოს, თუ რას ნიშნავს მთავრობის მიერ კეთილდღეობისთვის და ქვეყნის განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციისთვის მუშაობა. ასევე, დღეს მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი, შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში“.

თეა წულუკიანის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ "გუშინდლიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა".

ვიცე-პრემიერ წულუკიანის შეფასებით, ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, არის რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა და "ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი როგორღაც ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას". თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7%-ზე მეტი აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს და "ანა დოლიძე-ხალხისთვის".

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%. მაჟორიტარი წევრების პირველივე ტურში ასარჩევად ბარიერი 40%-ია.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევდა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG