Accessibility links

site logo site logo

BioNTec-ის ხელმძღვანელი: 2022 წლისთვის სავარაუდოდ ვაქცინის ახალი ფორმულა იქნება საჭირო


უღურ შაჰინი

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTec-ის ხელმძღვანელმა, რომლის კომპანიამ ამერიკულ Pfizer-თან ერთად შექმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, განაცხადა, რომ 2022 წლისთვის სავარაუდოდ ახალი ფორმულა იქნება საჭირო ვირუსის მომავალი მუტაციებისგან თავის დასაცავად.

უღურ შაჰინმა Financial Times-ისთვის 3 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დროთა განმავლობაში ვირუსის მუტაციები შეასუსტებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

მისი თქმით, წელს ახალი ვაქცინა საჭირო არ არის, მაგრამ „მომავალ წელს ვითარება შეიძლება შეიცვალოს“.

შაჰინის სიტყვებით, დელტა შტამი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დომინირებს, უფრო გადამდებია, მაგრამ არაა არსებითად განსხვავებული და ის ეფექტიანობას ვერ უკარგავს ამჟამად მოქმედ ვაქცინებს. შაჰინის აზრით, დამატებითი გამაძლიერებელი ვაქცინაცია იმუნიტეტის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ, როგორც BioNTech-ის შეფმა თქვა, ვინაიდან ვირუსი მუტირებას განაგრძობს, მან შესაძლოა დაასუსტოს ვაქცინების ეფექტიანობა.

„ეს ვირუსი დარჩება და ვირუსი მომავალშიც განაგრძობს ადაპტირებას,“ თქვა შაჰინმა.

ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო დამატებითი გამაძლიერებელი ვაქცინაცია ასაკოვანი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი უწყება დაამტკიცებს BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებას. ეს უკვე გააკეთეს აშშ-ში, ბრიტანეთსა და ისრაელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG