Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ ელოდება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეაგირებას ბირთვულ ობიექტზე "ისრაელის თავდასხმის" შესახებ


ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების უფროსი, მოჰამად ესლამი
ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების უფროსი, მოჰამად ესლამი

ირანი მოუწოდებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), სიცხადე შეიტანოს თავის პოზიციაში ისრაელის სავარაუდო თავდასხმაზე თეირანის მახლობლად მდებარე ცენტრიფუგის კომპონენტების საწარმოზე ივნისში, ამ ობიექტზე წვდომის შესახებ გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან დავის ფონზე.

3 ოქტომბერს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების უფროსმა, მოჰამად ესლამიმ, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვენაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და დასავლეთის სახელმწიფოებმა არ დაგმეს, როგორც მან უწოდა, "ტერორისტული აქტი", რის შედეგადაც TESA - ქარაჯის ობიექტი "ძლიერად განადგურდა".

ესლამის კომენტარები მოჰყვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 26 სექტემბრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას უარი უთხრეს ობიექტზე "აუცილებელ" წვდომაზე, 12 სექტემბრის შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმადაც თეირანმა ნება დართო საერთაშორისო დამკვირვებლებს გამოეყენებინათ სათვალთვალო კამერები საიდუმლო ბირთვულ ობიექტებზე და გაეგრძელებინათ იქ ვიდეომეთვალყურეობა.

თეირანმა განაცხადა, რომ ობიექტი არ ყოფილა ნაწილი 12 სექტემბერის შეთანხმებისა, რომლის გამოც სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ არ მიიღო ირანის მიმართ კრიტიკული რეზოლუცია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთვის ხელის შეშლის გამო.

ირანმა ისრაელი დაადანაშაულა თავისი ბირთვული პროგრამის საბოტაჟსა და თავისი ბირთვული მკვლევრების დახოცვაში. მათ შორის იყო წამყვანი მეცნიერი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც თეირანის მახლობლად მოკლეს გასულ წელს.

ფახრიზადეს მიაწერენ სავარაუდო სამხედრო ბირთვული პროგრამის დაწყებას ათწლეულების წინ, რომელიც აშშ-ის დაზვერვისა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თქმით, 2003 წელს გაჩერდა.

ესლამის კომენტარები გაისმა ასევე ჩიხში შესული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე, რომლის მიზანია 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება, რომლის თანახმადაც თეირანმა მნიშვნელოვნად შეზღუდა თავისი ბირთვული სამუშაოები სანქციების შერბილების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG