Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადის "ქართული ოცნება" თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციაში? - გაეცანი შედეგებს


საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. თუმცა 2 ოქტომბრის არჩევნებმა საკრებულოები თითქმის სრულად დააკომპლექტა.

ჯამში ამ ქალაქების საკრებულოებში 190 დეპუტატს ირჩევდნენ, მათგან ვაკანტური რჩება მხოლოდ 2 ოლქი, სადაც, მერის მსგავსად, ასევე ჩატარდება მეორე ტური.

ამ მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ თბილისისა და ფოთის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ეყოლება, ყველა სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტი იქნება გიორგი გახარიას პარტიის - "საქართველოსთვის" მიღებული მანდატები.

თბილისის საკრებულოში მოსახვედრად აუცილებელი იყო 2,5-პროცენტიანი ზღვრის გადალახვა. დედაქალაქში ეს ზღვარი ექვსმა პარტიამ გადალახა. თბილისის ამომრჩეველი მიცემული ხმით პროპორციული წესით 40 დეპუტატს ირჩევდა, მაჟორიტარულით კი - 10-ს.

ამ მოცემულობით, თბილისში მაჟორიტარობის არჩევნებში ვერცერთმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. 2 ოქტომბრის არჩევნებით ვაკანტური რჩება მხოლოდ საბურთალოს ოლქი, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კანონმდებლობით გათვალისწინებული 40-პროცენტიანი ზღვარი.

თბილისისგან განსხვავებით, უფრო მაღალი ბარიერი იყო სხვა ქალაქებში. საკრებულოში მოსახვედრად აუცილებელი იყო 3-პროცენტიანი ზღვრის გადალახვა.

დღევანდელი მოცემულობით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მსგავსად, ფოთის საკრებულოს უმრავლესობაში "ქართული ოცნება" რჩება. 35 დეპუტატიდან 20 "ქართულ ოცნებას" ეყოლება. ფოთში 7 მაჟორიტარულ ოლქში 6 გამარჯვებული მოქმედ ხელისუფლებას ჰყავს, ერთი კი "ნაციონალურ მოძრაობას".

სიდიდით მეორე ქალაქში - ქუთაისში 35-კაციანი საკრებულოდან "ქართულ ოცნებას" 17 დეპუტატი ჰყავს. ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ეს ერთადერთია, სადაც "მესამე ძალამ" დეპუტატის შეყვანა შეძლო.

ბათუმის საკრებულოში უფრო მეტი დეპუტატი მოქმედმა ოპოზიციამ გაიყვანა. 35 დეპუტატიდან "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ 16-ის გაყვანა შეძლო.

კიდევ უფრო ნაკლები დეპუტატი ჰყავს, არსებული მდგომარეობით, "ქართულ ოცნებას" რუსთავში. 35 დეპუტატიდან 15 "ქართული ოცნებას" ჰყავს, 16 კი "ნაციონალურ მოძრაობას". მუნიციპალიტეტში მეორე ტურში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. აქაც გადამწყვეტია პარტიის "საქართველოსთვის" ხმები, რადგან საკრებულოში გიორგი გახარიას გუნდს სამი წარმომადგენელი ეყოლება.

ცესკოს შედეგები ჯერ არ შეუჯამებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემები შეიძლება მცირედით შეიცვალოს. გარდა ამისა, მეორე ტურში ამ ხუთ ქალაქში ასარჩევი ორი მაჟორიტარი ზოგად სურათს არ შეცვლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG