Accessibility links

site logo site logo

სენატორი რიში იმედგაცრუებულია საქართველოში ჩატარებული არჩევნებით


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა უაღრესად იმედგამაცრუებელი უწოდა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვთმმართველობის არჩევნებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რიში წერს, რომ ეს არჩევნები დრამატულად განსხვავდებოდა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის საქართველოში აკვირდებოდა.

რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურზე. ჯიმ რიშის განცხადებით, მას აშფოთებს მრავალრიცხოვანი ცნობები ამომრჩევლების დაშინების და მოსყიდვის შესახებ.

ამერიკელი სენატორი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებს, უნდა მოაგვაროს ეუთოს მიერ ხაზგასმული პრობლემები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. რიშის განცხადებით, სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს და "ანა დოლიძე-ხალხისთვის".

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG