Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ მომწონს ნეიტრალური პოზიცია - მურმან დუმბაძე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე მეორე ტურებთან დაკავშირებით


მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, მურმან დუმბაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების მერების არჩევნების მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება. გიორგი გახარიამ, კერძოდ, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს. „დილის საუბრებში“ მურმან დუმბაძემ თქვა, რომ მას პოლიტიკოსის ნეიტრალური პოზიცია არ მოსწონს:

„პოლიტიკაში როცა ხარ, ან კი - ან არა უფრო მომწონს. ეს არ ნიშნავს ორპოლუსიანობას. აქ ორ პოლუსზე არ არის ლაპარაკი იმიტომ, რომ პრაქტიკულად პირველი ტურები დასრულებულია. მათემატიკური ფორმულა ამბობს, რომ მეორე ტურში გადიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, ანუ ორ სუბიექტს შორის რჩება არჩევანი და ამ შემთხვევაში მესამე, მეოთხე, მეხუთე პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

თუ ეს არის მისი საბოლოო პოზიცია, ანუ ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ეს მომაკვდინებელი ფორმულაა და ის ნელ-ნელა მოხუცდება და წავა პოლიტიკური სიკვდილისკენ“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ. გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ გიორგი გახარიამ განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა და შეიძლება შეცვალოს კიდეც:

„დააკვირდით, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ორი დღის წინ, 2 ოქტომბრამდე თავად გახარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა, ნეიტრალური არავინ დარჩეთ პოლიტიკური პროცესის მიმართო. უნდა მოხვიდეთ საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიციაო.

მე მგონი, თვითონაც უნდა გაბედოს. გაბედულება არის პოლიტიკისთვის ყველაზე მთავარი და თვითონაც უნდა გაბედოს. მოკლედ, ზიზღი და სიძულვილი უნდა დაძლიოს. ან უნდა დაყაბულდეს იმაზე, რომ ძველი ხელისუფლება რჩება, ანუ ცვლილება აღარ ხდება ამ ქვეყანაში, ან ღიად უნდა დაუჭიროს მხარი ნიკა მელიას. ეს არის მისი გადასაწყვეტი, ასე არის სხვა რეგიონებშიც. მგონია, გიორგი გახარია უფრო მეტი შედეგის მოლოდინში იყო. ეს ემოციურ ნიადაგზეა გაკეთებული და გადაწყვეტილებას მიიღებს. მოკლედ, 2 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე საკმაო დროა და საკმაო მანძილია“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ „დილის საუბრებში“.

პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, რომელმაც დედაქალაქში მესამე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ თავის მხარდამჭერებს მეორე ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - თქვა გიორგი გახარიამ.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46,69 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,7%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,8 % აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში წევრები ეყოლებათ პარტიებს - "ლელო", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "ანა დოლიძე-ხალხისთვის". პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG