Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე მამა-შვილ წოწორიებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ამ საკითხზე დღეს, 5 ოქტომბერს იმსჯელა.

მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახის წევრი აცხადებს, რომ დაკავებულები ფოთის პორტის რიგითი მუშები არიან და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან კავშირი არ აქვთ.

"ფინანსური პოლიცია მოვიდა დილის 4 საათზე. არ ვიცი, რასთან დაკავშირებით. რაღაც მანქანა აინტერესებდათ და ნახეს. შემდეგ ჩემს შვილს უთხრეს წამოდიო... გაჰყვა ჩემი მეუღლეც. გუშინ დამირეკეს და მითხრეს, დავაკავეთო. არ ვიცი, რატო დააკავეს", - ამბობს ვერიკო წოწორია, ზურაბ წოწორიას მეუღლე და შალვა წოწორიას დედა.

ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სამართალდამცველებმა მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე მუხლით არის დაკავებული ცომაიაც.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG