Accessibility links

site logo site logo

მესამე პრეზიდენტი და მისი საქმის სამი ბრალდებული


მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადვოკატებმა პირველად 4 ოქტომბერს მოინახულეს.

ორ საათს გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების აუდიენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბექა ბასილაია, სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი მესამე დღეა შიმშილობს, თავს მხნედ გრძნობს და აქვს იმედი, რომ „ქართულ საზოგადოებასთან ერთად მოახერხებს ოლიგარქიული, პრორუსული ხელისუფლების დასრულებას კონსტიტუციური გზებით“.

ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ ის საქმეები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული და მსჯავრდებული, პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის გასანეიტრალებლად გამოიყენა.

თუმცა, ამასთანავე, ადვოკატი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ, ხელისუფლება „დამფრთხალია“ და ამაზე მეტყველებს, თუნდაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 ოქტომბრის ეს განცხადება, „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“:

„სამართლებრივ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, არაცივილიზებული საქციელია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრალდების დამძიმებაზე ლაპარაკობს. პრემიერ-მინისტრს არ ეკითხება, ვის რა ბრალი უნდა წარედგინოს. სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილს იმის არ მორიდებია და შეშინებია, რომ მის მიმართ საქართველოში მართალია ცრუ, მაგრამ მაინც განაჩენი იყო დამდგარი, რომელიც ექვსწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა და საქართველოში ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტა და ახლა, კიდევ ახალი ბრალდებების წარდგენით რომ ვერ შეაშინებენ, ესეც ხომ ფაქტია“.

„ალბათ მემუარებში დაწერს, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი“

რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი, ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის უცნობია. ამის შესახებ არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება არც სამართალდამცავი სტრუქტურებიდან. ამის შესახებ არ ისაუბრა არც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაკავებიდან რამდენიმე საათში შეხვდა. ამის თაობაზე არ საუბრობენ არც მისი თანაგუნდელები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს გასულ შაბათ-კვირას საპატიმროში სტუმრობდნენ. ერთადერთი, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე მინიმუმ ოთხი დღით ადრე შემოვიდა საქართველოში. მათივე ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ბათუმში, სადაც ვიდეომიმართვები გადაიღო და პირველ ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ქუთაისშიც და ბოლოს, თბილისში, როგორც მთაწმინდაზე, ისე მთავრობის კანცელარიასთან.

მაინც რა უამბო მიხეილ სააკაშვილმა თავისი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე ადვოკატებს? ბექა ბასილაია გვეუბნება, რომ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია და ამას ერთი მიზეზი აქვს:

„მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი ჩაყარა, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები იარსებებს თუ არ იარსებებს და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, ნებისმიერი გზა მისი საქართველოში შემოსვლისა, არის ლეგიტიმური და ლეგალური. ასე რომ, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და ადვოკატისთვის, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ დიახ, კანონდარღვევაა, როდესაც ადამიანი მესაზღვრეების გვერდის ავლით გადმოკვეთს საზღვარს, მაგრამ უკაცრავად, საუბარია ადამიანზე, რომელიც ხელისუფლების მიერ იდევნება უკვე მრავალი წელია ისეთ კომიკურ საქმეებზე, როგორიცაა ე.წ. პიჯაკების საქმე, ჯო ბაიდენის გამასპინძლების გამო, ვაცლავ ჰაველის მემორიალზე თაიგულის მიტანის გამო, განაჩენია დამდგარი საპრეზიდენტო უფლებამოსილების, შეწყალების განხორციელების გამო და ასეთ დროს, ადამიანს, სამართლებრივი პრეტენზია წაუყენო, რატომ არ გაიარე საკონტროლო გამშვები პუნქტი და რატომ გადმოკვეთე საზღვარი სხვა გზებით, ეს არც მორალური საქციელია და არც კანონის სულს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მთელი ამ წლების განმავლობაში, სამართლიანობის პრინციპი იყო ჩამოშლილი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის პრინციპული საკითხი იმის გარკვევა, როგორ შემოვიდა ის ქვეყანაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ საკითხზე მასთან არც კი მისაუბრია. ალბათ, წლების შემდეგ, როდესაც ის გადაწყვეტს მემუარების დაწერას, იმ მემუარებში მოყვება, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი წლების წინ“.

ვერსია - როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და როგორ აღმოჩნდა თბილისში

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში. ამ ვერსიის თანახმად, მსჯავრდებული პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ფოთის პორტის გავლით, 28 სექტემბერს, ღამით შემოვიდა. უფრო კონკრეტულად კი, ოდესის ოლქიდან, სავაჭრო პორტ ჩერნომორსკიდან საქართველოში მომავალი ბორნით, რომლითაც სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები გადმოჰქონდათ. ერთ-ერთ ასეთ ავტომობილში კი იმალებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ამ ვერსიის თანახმად, სატვირთო ავტომობილს მართავდა ელგუჯა ცომაია, რომელსაც 4 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას ედავება დანაშაულის დაფარვას. მაგრამ მის ბრალს, ამ ეტაპზე, მოტივად უდევს არა მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომობილით ტრანსპორტირება, არამედ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საკუთარი ბინის დათმობა.

როგორ "იპოვეს მიშა" - ადვოკატის ვერსია და უპრეცედენტო ბრალი

ელგუჯა ცომაია სამართალდამცავებმა თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. 4 ოქტომბერს, სასამართლოზე მისი ინტერესების დამცველიც ბექა ბასილაია იყო.

ადვოკატის თქმით, 63 წლის ელგუჯა ცომაია აფხაზეთიდან დევნილია. ჰყავს ორი შვილი. მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ, კოვიდით გარდაიცვალა. ბექა ბასილაია ამბობს, რომ ბრალდებულს არანაირი კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ერთადერთი „დანაშაული“, რაც მას კანონის წინაშე მიუძღვის, არის ის, რომ „ღამის გასათევი დაუთმო დევნილ პრეზიდენტს“.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ ელგუჯა ცომაია სამართალდამცავებმა პირველ ოქტომბერს, თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გააჩერეს, გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მასთან ერთად მის საცხოვრებელ ბინაში, ჩხრეკის მიზნით გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი „აღმოაჩინეს“:

„გამოძიება დაიწყო ელგუჯა ცომაიას მიერ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. რომ ვითომ უცნობმა პირმა მიაწოდა სამართალდამცავებს ინფორმაცია, რომ ის სახლში იარაღს ინახავდა. ელგუჯა ცომაიას საკუთარ სახელზე გაფორმებული იარაღი აქვს. ვითომ იარაღს ეძებდნენ და მიშა იპოვეს“.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, დანაშაულის დაფარვას, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიასთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია. ადვოკატის თქმით, გამოძიება დაკავებულს ედავება ისეთ დანაშაულს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს:

„დანაშაულის დაფარვა გულისხმობს ისეთი ქმედების დაფარვას, რაზეც სამართალდამცავებს არ აქვთ ინფორმაცია, ან აქვთ, მაგრამ საქმე გამოძიების პროცესშია. ხოლო ისეთ ქმედებებზე და ისეთ ფაქტებზე, რაზეც განაჩენი უკვე დამდგარია ან საქმე გახსნილია და პირი ბრალდებულია, ეს, როგორღა უნდა დაიფაროს? მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე განაჩენებია დამდგარი. ქართული კანონმდებლობა დანაშაულის დაფარვაში გულისხმობს დანაშაულებრივი ფაქტის დაფარვას, რომ ეს ფაქტი არ მივიდეს გამოძიებამდე. ან დაწყებულ გამოძიებას ხელი შეეშალოს. დანაშაულის დაფარვისთვის განკუთვნილი მუხლი არსებობს იმისათვის, რომ დანაშაულის დროულად აღკვეთას ან დანაშაულის გახსნას არ შეეშალოს ხელი. მიხეილ სააკაშვილის საქმეები გახსნილია, ერთ შემთხვევაში ბრალდებულია, მეორე შემთხვევაში, მსჯავრდებულია. თან აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ცომაიას ბრალში უწერია, რომ მან დაფარა ის დანაშაული, რომელ საქმეზეც მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც პირი გასამართლებულია 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) ისეთი ძებნილი პირის შეფარებაზე, რომლის საქმეზეც განაჩენი უკვე დამდგარია“.

როგორ დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილი ელგუჯა ცომაიას?

ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით, რომელიც ერთტომიან საქმეში დევს, 30 სექტემბერს, ღამის საათებში, მიხეილ სააკაშვილი მასთან სახლში მიიყვანა პირმა, რომელსაც ეკეთა პირბადე და სათვალე. ბექა ბასილაია გვეუბნება, რომ საქმის მასალების თანახმად, პირის ვინაობა, ვინც მიხეილ სააკაშვილი ელგუჯა ცომაიასთან მიიყვანა, დადგენილი არ არის:

„ბატონ ელგუჯას არ ჰქონდა იმის განცდა, რომ თუკი ის მიხეილ სააკაშვილს შეიფარებდა, ამით რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენდა. ამ ლოგიკით, მიხეილ სააკაშვილი ლამის ყოველ მეორე დღეს ევროპარლამენტარებს ხვდებოდა და რა დაშვება უნდა ჰქონოდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ღამის გასათენებელი ადგილის დათმობა რაიმე უკანონობას შეიცავდა?“

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ სატვირთო ავტომობილს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, სწორედ ელგუჯა ცომაია მართავდა, ბექა ბასილაია გვეუბნება:

„მისთვის მე ეს კითხვა არ დამისვამს, რადგან ელგუჯა ცომაიას საქმე შეეხება დანაშაულის დაფარვას. შესაბამისად, პრეისტორიასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ დამისვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი რა ფორმითაც არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, მას ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა“.

4 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა საზოგადოებას გააცნო მიხეილ სააკაშვილის წერილი. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს მისი და მის საქმეზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებამდე.

კიდევ ორი ბრალდებული

ელგუჯა ცომაია არ არის ერთადერთი პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. 3 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს ცომაიას ახლობელი ოჯახის წევრები, მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, „ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს“.

რადიო თავისუფლება ბრალდებულების ადვოკატს, გიორგი გოგინავას ელაპარაკა. როგორც ის გვეუბნება, ამ დროისათვის, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. თუმცა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მამა-შვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფოთიდან აბაშაში, საკუთარი ავტომობილით ჩაიყვანა. მისი თქმით, მამა-შვილი ფოთის პორტში მუშაობს და მათ აქამდე არანაირი შემხებლობა კანონდარღვევასთან არ ჰქონიათ. მამა-შვილი წოწორიები კვირას დილით, ფოთში დააკავეს:

„გამოძიება მათ დანაშაულის დაფარვას ედავება. საქმის მასალები, ჯერჯერობით, არ გადმომცემია. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა სცოდნოდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა იყო გამოცხადებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო. გამოძიება მათ ედავება მესამე პრეზიდენტის ა პუნქტიდან ბ პუნქტში მიყვანას. ჩვენ სრულიად მოტივირებული ვართ ბრძოლისთვის“.

4 ოქტომბერსვე, რუსთავის #12 დაწესებულებასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეული მანქანის კოლონა თბილისიდან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაიძრა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG