Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ბუაძე: პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერა არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რომელზეც უნდა წავიდეთ


საბა ბუაძე, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი
საბა ბუაძე, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების მერების არჩევნების მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ლელო“ მხარს უჭერს არა რომელიმე კანდიდატს, არამედ იმას, რომ „ივანიშვილს მიტაცებული სახელმწიფოს რაღაც კონკრეტული ნაწილები გამოსტაცონ“.

„ამ შემთხვევაში დიდი ქალაქის მერობის პოზიციები არის სწორედ ამ მიტაცებული სახელმწიფოს გამოტაცების კონკრეტული მაგალითები და ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ ახლა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს დიდ ქალაქებში. ის შედეგი, რაც ჩვენ ვნახეთ პირველ ტურებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია ცვლილებების სასიკეთოდ და ცვლილებების აუცილებლობაზე. ახლა ხალხის მხრიდან გაკეთებული ეს განაცხადი ჩვენ უნდა ავიტაცოთ ყველა შემთხვევაში და აქ აღარ არის კეკლუცობის დრო, რომ იმას არ დავუჭერ მხარს და გავჩუმდები. საქმე გვაქვს მართლა ამ ქვეყანაში ძალიან ეგზისტენციალურ პრობლემებთან და იმასთან, ეს ქვეყანა იქნება თუ არა დასავლური სამყაროს ნაწილი მომავალში. ამისთვის ახლა პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერა არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რომელზეც ჩვენ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა საბა ბუაძემ „დილის საუბრებში“.

საბა ბუაძის განმარტებით, „ლელოს“ გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერის შესახებ, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პარტიის ყველა ამომრჩეველი გაითვალისწინებს ამას:

„ამომრჩეველი თავად იღებს, რასაკვირველია, გადაწყვეტილებას და როდესაც პარტია ამბობს, რომ ის დაუჭერს მხარს ამა თუ იმ კანდიდატს ან ოპოზიციას ამ შემთხვევაში, ეს, რასაკვირველია, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წავლენ და შემდეგ ამ არჩევანს გააკეთებენ. უბრალოდ, ჩვენ ამ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია გავაღრმავოთ ამომრჩეველთან და ავუხსნათ, რას ვუჭერთ კონკრეტულად მხარს“, - განაცხადა საბა ბუაძემ „დილის საუბრებში“.

„ლელომ" 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ, პარტია მათ დაუჭერს მხარს.

„ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურებში, იგულისხმება მერობის კანდიდატები. მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში. რადგან ეს ნიშნავს სწორედ, ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც გაგვიკეთა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, "ლელოს" წარმომადგენელი 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ეყოლება. მათგან თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში "ლელო" 2 წევრით იქნება წარმოდგენილი.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46,69 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,7%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,8 % აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში წევრები ეყოლებათ პარტიებს - "ლელო", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "ანა დოლიძე-ხალხისთვის". პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG