Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოზარდების აცრის და ე.წ. ბუსტერის საკითხი შესაძლოა, ამ კვირაში გადაწყდეს


ამ კვირაში თბილისში გაიმართება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების აცრის და ე.წ. ბუსტერ დოზის დაშვების საკითხს.

„ზეგ, თუ არ ვცდები, იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ უკვე - მისული ვართ კონსენსუსამდე სამეცნიერო კომიტეტის წევრები - მოზარდების, 12 წლის ზემოთ აცრებთან დაკავშირებით და ასევე, ე.წ. მესამე, ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ზე ნაკლებია. აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად და მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ასაცრელად აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, 60% საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 826 786 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.9%. სრულად ვაქცინირებულია 835 645 - მოზრდილი მოსახლეობის 29.3%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG