Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ნორაკიძე: ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციაში გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ პროექტი შედგა


ივანე ნორაკიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი
ივანე ნორაკიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ივანე ნორაკიძე, რომელიც საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის პროექტზე პასუხისმგებელი პირი იყო, ამბობს, რომ პროცესმა გარკვეული ხარვეზებით ჩაიარა, თუმცა საერთო ჯამში იგი წარმატებული იყო. ხარვეზი კი, რომელზეც მასთან საუბარში რადიო თავისუფლებამ გაამახვილა ყურადღება, არის ჩანაწერების ნაწილის ცუდი ხილვადობა. კერძოდ, ვიდეომასალის ნაწილში ძნელია ბიულეტენის ახლოდან დანახვა და იმის დაფიქსირება, რომელი კანდიდატი თუ სუბიექტი შემოხაზა ამომრჩეველმა.

„საღამოს საუბრებში“ ვიდეოფიქსაციის ეს ხარვეზი ივანე ნორაკიძემ ძირითადად ადამიანური ფაქტორებით ახსნა:

„გარდა იმისა, რომ უბნის წევრებმა და თავმჯდომარეებმა გაიარეს სათანადო ტრენინგი, ასევე არჩევნების დღეს ჩვენი წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობდნენ და ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ, რომ კამერის ლოკაცია ყოფილიყო სათანადო იმისთვის, რომ ვარგისი ყოფილიყო გადასაღებად და გამოჩენილიყო ყველაფერი. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, ვინც უყურებს, ამაში დარწმუნდება. ის დაინახავს ბულეტენსაც, ის დაინახავს პროცესსაც კარგად, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ დავიზღვიეთ თავი ადამიანური ფაქტორებისგან.

იყო შემთხვევები, რომ კამერა დადეს ოდნავ მოშორებით მაგიდიდან, იყო ასევე ობიექტური ფაქტორები, სადაც განათება არ იყო ელემენტარულად კარგად და ახლოს კი იყო ეს კამერა მიტანილი, მაგრამ ფიზიკურად შემოხაზული ვინ იყო, ეს არ ჩანდა“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ხარვეზის მიუხედავად, ვიდეოფიქსაციამ თავისი დადებითი გავლენა მაინც მოახდინა ხმის დათვლის პროცესზე:

„ყველა მთვლელმა, ვინც ადგილზე იყო, იცოდა, რომ მის მიერ განხორციელებული ესა თუ ის მოქმედება იყო დაფიქსირებული, აღწერილი და, შესაბამისად, ის გაცილებით უფრო დიდი გულისყურით ეკიდებოდა ამ პროცესს. ამან პრევენცია მოახდინა ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილების იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ იქ კამერა იყო ჩართული. ამას გარდა, ყველა ვიდეოზე, უკლებლივ ყველა ვიდეოზე სრულად ჩანს ხმის დათვლის პროცესი და ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს, რომ იქ ადგილი არ ჰქონია ბიულეტენების ჩაყრას, ბიულეტენების გადალაგებას, გადაყრას, დაზიანებას, დახევას, ზედმეტად მონიშვნას, რაც მისი ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს“, - აღნიშნა ივანე ნორაკიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხმის ვიდეოფიქსაციის პროცესი აუდიოჩანაწერითაც იყო დაზღვეული:

„ეს არის არა მხოლოდ ვიდეო, არამედ აუდიოჩანაწერიც. როდესაც მთვლელი აცხადებს, ვისთვის არის ხმა მიცემული, იქ ამ დროს კადრშიც ჩანს, რომ იმყოფება არა ნაკლებ 10-15, ზოგჯერ 20 ადამიანისა და იმ ადამიანების რეაქციაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ“, - აღნიშნა ივანე ნორაკიძემ, რომლის თქმითაც, ხარვეზების მიუხედავად, ვიდეოჩანაწერები უტყუარი მტკიცებულებები იქნება მათთვის, ვინც საჩივარს დაწერს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები იყო და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, პირველად გავაკეთეთ და 3200 უბანზე ამხელა მასშტაბით, თუმცა, საერთო ჯამში, მე ვთვლი, რომ ეს პროექტი შედგა და ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და თითოეული ადამიანი, ვინც საჩივარს დაწერს, თავადვე დარწმუნდება, რომ მას ექნება უტყუარი მტკიცებულება ხელთ ამ ვიდეოების სახით“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნების ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება 5 ოქტომბერს დაიწყო. საჯარო მასალები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი (ამ ბმულზე). ამ დროისათვის ჩანაწერების დაახლოებით 90%-ია ატვირთული.

ხმების დათვლის პროცესის ვიდეოთი გადაღების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ცესკოს მიმდინარე არჩევნებისთვის მიეცა.

ორგანიზაცია ყველა იმ უბანში იღებდა ვიდეოკადრებზე ხმის დათვლის პროცესს, სადაც 300 მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ასეთი 84 საარჩევნო ოლქში 3200 საარჩევნო უბანი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG