საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი „საღამოს საუბრებში“ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არის უზარმაზარი დარტყმა არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებზე.
„პირდაპირ თქვეს ჩვენმა კოლეგებმა დიპლომატური მისიებიდან, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა და სახელმწიფოს სთხოვენ პასუხს ვენის კონვენციის დარღვევაზე. ეს სერიოზული ამბავია ძალიან და ის შემადგენლობაც, რაც მივიდა ამ დემარშზე, ესეც აჩვენებს იმას, რომ ეს ის კი არ არის, რომ სრულ შემადგენლობას დიპლომატიური კორპუსის მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ვენის კონვენცია და დაარღვია საერთაშორისო საკუთარი ვალდებულები, ეს არის ძალიან სერიოზული წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის. ეს არის ცხადი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა დიპლომატების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული იმ შეხვედრის კომენტირებისას, რომელზეც ელჩებმა დავით ზალკალიანს მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცეს და რომლის შესახებაც ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ტვიტერზე" გაავრცელა.
სალომე სამადაშვილი „საღამოს საუბრებში“ ამბობს, რომ ელჩების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გასაჯაროვების ფაქტსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა:
„საერთოდ, როდესაც ასეთი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, თუ ასეთი შემთხვევა შეეხება იმ ტერიტორიაზე განხორციელებულ მოსმენას და მიყურადებას, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობაა, ყოველთვის ერიდებიან რაღაც საჯაროობას. მსგავსი დემარში დიპლომატიური თუ იმართება, იმართება არასაჯაროდ, რაღაცნაირად დაცული არის ხოლმე კონფიდენციალურობის ჩარჩოები. ამ შემთხვევაში ის, რომ ასეთი საჯაროობა არჩიეს ჩვენმა პარტნიორებმა და არა მხოლოდ საჯაროდ გაიმართა ეს დემარში, არამედ გაასაჯაროეს დემარშის შინაარსიც, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი, არანაირი ეჭვი არა აქვთ მათ, რომ ეს იყო ნამდვილი ინფორმაცია მიყურადების შესახებ და მეორე, მათ ძალიან საჯაროდ გააფრთხილეს „ქართული ოცნება“ და უნდოდათ, რომ ეს გაეგოთ, მათ შორის, ჩვენს თანამოქალაქეებსაც. სწორია, ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, რეალურად რას ფიქრობს იგივე დასავლეთი ამ ხელისუფლებაზე და როგორ ექცევიან ისინი პარტნიორებს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.
საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც ელჩებიც ფიგურირებდნენ
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
"სუს-იდან გამოჟონილ" სავარაუდო ფაილებზე საუბრის დროს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.