Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ და როგორ არსებობს სახელმწიფო?


ავტორი: დავით გვრიტიშვილი

ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაფიქრდეს, სად ცხოვრობს და რა დანიშნულება აქვს იმ ინსტიტუტებს, რომელთა დაქვემდებარების ქვეშ უწევს ცხოვრება.

მე არ მიყვარს პოლიტიკაზე ფილოსოფიური მსჯელობა და ფიქრი, რადგან მგონია, რომ პოლიტიკა ჯერ გულწრფელობა, ხარლხთან ურთიერთობა, პრინციპებისადმი ერთგულებაა და მერეა ყველა დანარჩენი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ მარტივი ახსნები და განმარტებები მოვუძებნო ამ ყველაფერს. სახელმწიფოს ჩემებური განმარტება ასეთია: ეს არის ინსტიტუტების სისტემა ადამიანთა ორგანიზებული და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად. შეიძლება ეს განმარტება რაღაც ფილოსოფიურ მოსაზრებებს ემყარება, მაგრამ ვფიქრობ, ბევრად უფრო გასაგები და მარტივია, ვიდრე სხვა განმარტებები.

სახელმწიფო შედგება 3 სახელისუფლებო შტოსაგან: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. საინტერესოა ის, რომ სამივეს დამოუკიდებლობა და ერთმანეთისადმი კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ჩემი აზრით კარგი (ე.ი. დემოკრატიული) სახელმწიფოს შესაქმნელად ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამის მაგალითად მახსენდება აშშ-ს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, როცა დამოუკიდებელმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში უკვე დამარცხებული, მაგრამ მაინც მოქმედი პრეზიდენტის სარჩელი. ამ დროს მივხვდი, რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფოსთვის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა.

ამით არ მინდა იმის თქმა, რომ საკანონმდებლო ორგანოს სწორი(რაშიც მოიაზრება, აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკაც) და გამართული ფუნქციონირება აუცილებელი არაა, პირიქით. პარლამენტმა თუ არ მიიღო გასაგები და გამართული კანონები, სასამართლოც უფუნქციოდ დარჩება(რადგან სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით განიხილავს ხოლმე საქმეებს) და ჯამში მოქალაქეებიც ქაოტურად იცხოვრებენ.

ჩემი აზრით, ის რომ ადამიანებმა ქაოტურად არ იცხოვრონ, ეს არის რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და არა ვთქვათ, მოსახლეობაზე უაზროდ ზრუნვა(რასაც დიქტატორული რეჟიმები აკეთებენ ხოლმე), არა შრომითი ბაზრის რეალურ მამოძრავებლად საჯარო სამსახურების წარმოდგენა. ესენი, რასაკვირველია, არაა აღმასრულებელი ხელისუფლების დანიშნულება. აღმ. ხელისუფლებას(ე.ი მინისტრთა კაბინეტს) ევალება თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა უწყებების მეშვეობით დაიცვან ქვეყანაში სიწყნარე, ხოლო ჯარით დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეები გარეშე მტრებისაგან, ან თუნდაც შიდა მტრებისგან(ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი პირებისაგან). რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არაა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები, მას ევალება ასევე დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, ქვეყანაში განათლების დონის ზრდის ხელშეწყობა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ა.შ., მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები მაინც მგონია, რომ არის თავდაცვა და შიდა წესრიგის(სამართლინად) დამყარება.

მას შემდეგ რაც მოკლედ მიმოვიხილეთ სახელისუფლებო შტოები, მოდით ვთქვათ, რა არის მათი ლეგიტიმაციის წყარო?! პასუხი მარტივია - ხალხი. ხალხის მხარდაჭერა სჭირდება საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შექმნას, ხალხის ნდობა სჭირდება სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხთან(და არამხოლოდ პარლამენტთან).

ჩემი აზრით, არასწორია მოსაზრება, რომ რევოლუცია არ შეიძლება და რევოლუცია არის ცუდი ნებისმიერი ქვეყნისთვის. მგონია, რომ თუ ხელისუფალმა იმდენად იგრძნო ძალა კუნთებში, რომ ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს თავის ინტერესებს და არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს და, შესაბამისად, არ თმობს ძალაუფლებას, ზუსტადაც საჭიროა რევოლუცია/აჯანყება. ეს განპირობებულია ზუსტად იმ აქსიომით, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

ბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ჭეშმარიტი სახელმწიფო არის ის, სადაც სახელმწიფო შტოები აკონტროლებენ ჯანსაღად ერთმანეთს და სადაც ეს შტოები ანგარიშვალდებულნი იქნებიან ხალხთან. ამ ყველაფერს შემდეგ მოჰყვება მაღალი პენსიები, ადამიანთა ბედნიერების ინდექსის ზრდა, ეკონომიკური განვითარება, კანონის უზენაესობა, კრიმინალის შემცირება და სხვა ის სიკეთეები, რაც გვხვდება მხოლოდ განვითარებულ სახელმწიფოებში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG