Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს


25 საკითხისგან შედგება #5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის დღის წესრიგი. ოპოზიციის წარმომადგენლების საჩივრები სხვადასხვა საკითხებს შეეხება, მათ შორის, არის საარჩევნო უბნებზე ხელმოწერების და ბიულეტენების გადათვლა.

პარტია „დროა“ აცხადებს, რომ #16 საარჩევნო უბანზე „ბალანსი არ დაჯდა“. საარჩევნო კომისიამ კი ხელმოწერები გადათვალა, რაც „დროა“-ს წევრმა თამარ კაკაბაძემ სხდომაზე გააპროტესტა. მისი თქმით, საჭირო იყო არა ხელმოწერების, არამედ ბიულეტენების ხელახლა დათვლა. კომისიის წევრებმა კაკაბაძის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც კაკაბაძე არ დაემორჩილა, რის შემდეგაც დაცვის სამსახურს დაუძახეს.

კომისიის თავმჯდომარემ ფიქრია ნიკოლაშვილმა კომისიის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა. დაცვის სამსახურის წარმომადგენლის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში თამარ კაკაბაძემ სხდომა დატოვა. „კომისიას იმის გამო არ სურს ბიულეტენების გახსნა, რომ, მაგალითად, წინა შემთხვევაში, საბურთალოზე, აღმოჩნდა, რომ ნული ხმის ნაცვლად გვქონდა 18 ხმა. მეორე უბანზე, ასევე, ეწერა ნული ხმა და გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „დროა“-ს ჰქონოდა 20 ხმა“, - თქვა თამარ კაკაბაძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ასევე, უკმაყოფილო დარჩა კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“. მან მოითხოვა 26-ე უბნის ბიულეტენების ხელახალი დათვლა, რადგან, ვარაუდობდა, რომ მის პარტიას ხმები დააკლეს. საოლქო კომისიამ კი მხოლოდ ევროპული საქართველოს მიერ მიღებული ხმები გადათვალა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხის განხილვა დაიწყო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციას ზოგადი პასუხი გასცა: „უბანი გადავთვალეთ და მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებას“ აკლდა ხმები“.

დაპირისპირება იყო საოლქო კომისიის შენობის გარეთ. ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობას აპროტესტებენ, მათ შორის, არის ლანა გალდავა, ისანში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი „ლელო“-დან.

ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ საოლქო კომისიის შენობასთან იმყოფებიან.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისია
ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

XS
SM
MD
LG