Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო მისი მიმართვა. ის მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას და მეორე ტურში გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყველა კანდიდატს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა რამდენიმე პუნქტისგან შედგება:

  1. „არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის
  2. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა
  3. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს
  4. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე და არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარებიც
  5. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის, ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის. მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ „ბანანის რესპუბლიკებშიც" კი არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

P.S. და კიდევ ერთი - ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში, გადამწყვეტი ბრძოლისთვის".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით.

5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს სამართალდამცველებმა. ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც 5 ოქტომბერს მოინახულა უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ, რომელიც 1 ოქტომბერსვე ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ახალი პარტნიორია.

XS
SM
MD
LG