Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა ეხმაურება გახარიას ინიციატივას მოლაპარაკების შესახებ


თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

სამმხრივი მოლაპარაკების შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას ინიციატივას გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

როგორც დეპუტატი ამბობს, არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლებო პროექტი.

ბოკუჩავა კონკრეტულ საკითხსაც ასახელებს, რომელშიც, მისი აზრით, გამოჩნდება გახარიას პოლიტიკური არჩევანი.

„ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში ყველგან მთელი ქვეყნის მაშტაბით. ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.

საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას სთავაზობს ღია მოლაპარაკებას საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა.

XS
SM
MD
LG