Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკროსოფტი: რუსეთია პასუხისმგებელი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოწყობილი კიბერთავდასხმების უმეტესობისთვის


მაიკროსოფტი თავის ანგარიშში აცხადებს, რომ შარშან რუსეთზე მოდიოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერთავდასხმების უმეტესობა, რომლებიც მან აღმოაჩინა და რომლებიც უპირატესად აშშ-ის სამთავრობო უწყებებისა და ანალიტიკური ცენტრების წინააღმდეგ იყო მიმართული. 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამერიკული კომპანია ასევე წერს ე.წ. გამომძალველი პროგრამებით თავდასხმების მზარდ საფრთხეზე და თვლის, რომ აშშ, აშკარად, მათი ყველაზე უფრო ხშირი სამიზნეა.

მაიკროსოფტის „დიგიტალური თავდაცვის“ შესახებ ანგარიშს, სფეროს ექსპერტების გარდა, ყურადღებით აკვირდებიან მთავრობები იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ფართოდაა გავრცელებული კომპანიის პროდუქტები მთელ მსოფლიოში.

ანგარიში გამოქვეყნდა მას მერე, რაც აშშ-მა განგაში დასცა კიბერთავდასხმების და „გამომძალველი პროგრამების გამო“.

ე.წ. Solar Winds-ით თავდასხმისას, როცა გამოყენებულ იქნა მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეები, ჰაკერები ღრმად შევიდნენ აშშ-ის ფედერალურ სამსახურებში.

თავდასხმებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა შარშან და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადანაშაულეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (SVR), რომელიც ბრალდებას უარყოფს. რუსეთის ეს უწყება, ასევე სამხედრო დაზვერვა (GRU) და სახელმწიფო უშიშროების სამსახური (FSB), ცნობილი არიან კიბერსაქმიანობით, რომლის მიზანი, ჯაშუშობასთან ერთად, განადგურებაცაა.

მაიკროსოფტის ანგარიშში მოხსენიებულ სხვა ქვეყნებს შორის არიან ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ჩინეთი. მისი ავტორების თანახმად, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისამდე ჩინეთზე მოდის სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ათი თავდასხმიდან ერთზე ნაკლები.

XS
SM
MD
LG