საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები. ამის მაგალითად ცესკოს მოჰყავს ის, რომ „ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა“.
ცესკო მოუწოდებს საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
ცესკოს განცხადებითვე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვისას, რომელიც დღეს სრულდება, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება უწევთ კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე:
„ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად პროცესი, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო“.
ცესკოს განმარტებით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე.
„გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურების ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.