Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ ზუგდიდელებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა


ნიკა მელია, მანუჩარ ფიფია.
ნიკა მელია, მანუჩარ ფიფია.

ზუგდიდში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ამომრჩეველი გაამხნევა და პარტიის რეგიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ სიტყვებით მიმართა: „გამაგრდით, ხალხო, მაგრად იყავით, ვიბრძვით თითოეული ხმისთვის, თითოეული მანდატისთვის, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს".

მისი სიტყვებით, ბრძოლა იქნება ზუგდიდიდან, სანამ სიმართლე არ დამტკიცდება, სანამ „ქართული ოცნება” არ აღიარებს და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ გაიგებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მან ზუგდიდელებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდა, რომელსაც პარტია ხვალიდან გეგმავს: „ღირსების საკითხია, ზუგდიდელებო, მეგრელებო, ქართველებო. ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას და მე დღეს ზუგდიდში შემთხვევით არ ვარ. მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მარტო სამეგრელოს, მთელ საქართველოს".

მელიამ აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში, არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, მუქარით, ძალადობით, კარუსელებით, კრიმინალური პირების ჩართვით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

„თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობამ ოლიგარქიულ მმართველობას უარი უთხრა და შეძლო ადგილზე მმართველი პარტიის დამარცხება. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია გაცილებით მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში ენმ აკომპლექტებს უმრავლესობას, ხმების მომატებას ბინძური მეთოდებით ცდილობენ”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა მე-11 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებულ მოვლენებს, სადაც, ოპოზიციის მტკიცებით, შედეგები „ქართული ოცნების” სასარგებლოდ გაყალბდა. ბრიფინგზე ის მე-11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდა. რომელიც პირველ ტურში გამარჯვებულად მიიჩნეოდა, თუმცა ამ ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, დეპუტატის მანდატი დაკარგა.

„მანუჩარ ფიფია, რომელიც ახლა ჩვენს გვერდით დგას, პირველივე ტურში გამარჯვებულია, თუმცა გუშინ საღამოს ხმების გადათვლის შემდეგ, დამარცხებულად გამოაცხადეს. არცერთი ტომარა, საცავი, არაფერი არ აქვთ დალუქული. რასაც უნდათ, ლუქს ხსნიან, რასაც უნდათ, ლუქავენ, ჭრიან და კერავენ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც უმრავლესობაშია ოპოზიცია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში ჩივილს აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG