Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 35 წლამდე ქალი ამოიყვანეს


თითქმის რვასაათიანი სამაშველო საქმიანობის შემდეგ მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს. ის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მუდმივად ეკონტაქტებოდა.

ნანგრევებიდან გამოყვანილია 35 წლამდე ქალი, ინგა მეკეიძე. მაშველები მისი ორი შვილის ამოსაყვანად მუშაობას აგრძელებენ.

როგორც მისმა ქმარმა ჟურნალისტებს უთხრა, დაშავებული ქალი ცოცხალია, თუმცა კონტაქტური არ არის.

ახლა მაშველები კიდევ ერთი გადარჩენილი პირის ამოყვანას ცდილობენ. ნანგრევებში მოყოლილ ამ პირს მაშველები წყალს დღის განმავლობაში აწვდიდნენ.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, მის გამოსაყვანად ნანგრევებში მაშველები შევიდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ამ ეტაპზე 10-მდე ადამიანს ნანგრევებში ისევ ეძებენ. მათგან მინიმუმ ერთთან კონტაქტი მყარდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით რვა საათის წინ ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

XS
SM
MD
LG