Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს, ახალი პრემიერ-მინისტრის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია


მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი კვირას პრაღის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.

„დიახ, ვადასტურებ ამ ინფორმაციას,“ განუცხადა 10 ოქტომბერს უნივერსიტეტის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენელმა იტკა ზინკემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ექიმები მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კვირას დილით ზემანი პრემიერ-მინისტრ ადრეი ბაბიშს შეხვდა თავის რეზიდენციაში და საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ესაუბრა.

ჯამრთელობის გაუარესების გამო ზემანი იძულებული გახდა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიეცა ხმა საკუთარი რეზიდენციიდან. ჩეხეთის პრესაში გავრცელებული ცნობებით, მას ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს, მაგრამ ზემანის კანცელარიას რამდენიმე კვირაა, არ გაუკეთებია კომენტარი მის დიაგნოზზე.

9 ოქტომბერს ბაბიშის პარტიამ არჩევნები წააგო. მაგრამ ზემანმა თქვა, რომ ის მთავრობის შექმნას არ სთხოვს გამარჯვებულ ალიანსს. როგორც ჩანს, ის ჯერ ბაბიშს შესთავაზებს ამის გაკეთებას.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მილიარდერ ბაბიშის პოპულისტურმა ცენტრისტულმა პარტია ANO-მ 27,1% მიიღო და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში სავარაუდოდ 72 ადგილი ექნება.

ლიბერალებისა და კონსერვატორების სამი პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა ერთად შეიძლება 108 ადგილი მიიღოს.

კონსერვატიულმა ალიანსმა „ერთად“ ხმების 27,8% მოიპოვა, მათმა მოკავშირე ალიანსმა „მეკობრეები/მერები“ – 15,6%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG