რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებმა ნახეს. შეხვედრის შემდეგ შვილები მედიასთან სასაუბროდ არ გაჩერდნენ, დედამ კი მცირე კომენტარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა.
"პირველი შეხვედრა იყო და გაგვიხარდა... კარგი იქნება, რომ კვლევები ჩაუტარდეს... შიმშილობასთან დაკავშირებით მისი აზრი ვიცოდი და ამ საკითხზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, წამოვიწყე საუბარი, მაგრამ არ იყო ეს თემა მიღებული...
განსხვავება არის როგორიც იყო და როგორიც არის - არ არის ძველებურად... ძალიან პატარა მანძილი იყო კარებიდან იქამდე, სადაც დაჯდა და საერთოდ როგორ დადის, მაგას ვერ შევაფასებ... ვიზუალურად ძველებურად არ გამოიყურება, მაგრამ ეს არის ექიმების შესაფასებელი", - თქვა გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის დედამ.
სააკაშვილის უფროსმა შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მედიასთან ციხეში შესვლამდე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის მიზანია "იხილონ მიშა ჯანმრთელი და თავისუფალი".
დღეს უკვე მე-11 დღეა, რაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ამ დრომდე შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. საპასუხოდ, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
დაწერეთ კომენტარი