Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ დონაძე საარჩევნო საჩივრებზე: სასამართლო ეტაპებს ბოლომდე გავივლით


ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" წევრი
ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" წევრი

თბილისის ისნის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ საარჩევნო დავების საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ პარტია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოებში განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამართლიანობის იმედი არ აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე „ევროპული საქართველოს“ მიერ სასამართლოში წარდგენილი ორი საჩივრიდან ერთზე უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

„სხდომა გაიმართა ანუ შარშანდელთან შედარებით ახლა სხდომა გამართეს, ოღონდ შედეგი მაინც იგივე დააყენეს. ანუ არ დააკმაყოფილეს“, - განაცხადა „დღის საუბრებში“ ბესიკ დონაძემ. მისი თქმით, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, საარჩევნო დავები ბოლომდეა მისაყვანი, მათ შორის იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინონ მტკიცებულებები იმისა, როგორ ყალბდება არჩევნების შედეგები:

„როდესაც არც პირველი ინსტანცია არ დაგვიკმაყოფილებს, არც მეორე ინსტანცია არ დაგვიკმაყოფილებს და ფაქტიურად საოლქოს მიერ დაწერილი უარები გადაკოპირებული იქნება სასამართლოების მიერ, ჩვენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას აუცილებლად წარვუდგენთ ამ ყველაფერს და ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ საარჩევნო პროცესი მთლიანად მიტაცებული აქვს მმართველ ძალას - მიტაცებული აქვს, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო, საუბნო და ასევე არც იძლევა საშუალებას, რომ გასაჩივრდეს. ანუ ყველაფერს კლავს, მთლიანად საარჩევნო პროცესს კლავს ხელისუფლება და ჩვენი სასამართლო პროცესებზე გამოტანილი განაჩენები იქნება მტკიცებულებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის, რომ მიტაცებული აქვს ხელისუფლება ბოლომდე ივანიშვილს“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან საოლქო კომისიების მიერ უბნების ნაწილის გადათვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ უბნები შერჩევით გაიხსნა, მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით. მისივე განმარტებით, ცალკეული პარტიის ან ბათილი ბიულეტენების დათვლა ობიექტურობას ვერ დაადგენს და ამას ემატება ისიც, რომ უბნებზე, სადაც დაუბალანსებელი ოქმები იყო, კომისიის მდივნებს საყვედური გამოუცხადეს. ბესიკ დონაძის შეფასებით, ეს არის ფაქტობრივი აღიარება იმისა, რომ ოქმების სანდოობა ეჭვქვეშ დგება და მთელი უბნის გადათვლაა საჭირო.

10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. ცესკო-ს თანახმად, აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზეა გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით; 194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს, ხოლო 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები - ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად. ცესკოსვე ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და მცირედით შეიცვალა მონაცემები.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ, საერთო ჯამში, დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 საჩივარში შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაწერილი საჩივრების უმრავლესობა - 1141 საჩივარი, პოლიტიკურ სუბიექტებს ეკუთვნით, 561 - სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, 2 საჩივარი დაწერა მმართველმა პარტიამაც.

XS
SM
MD
LG