Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევები, შეცდომები, აგრესია - 8 საარჩევნო სარჩელის ამბავი 


2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ  საერთო ჯამში  დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გადათვლის მოთხოვნას საარჩევნო კომისიები რთულად და იშვიათად აკმაყოფილებენ.

თვითმმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაწერილი საჩივრების უმრავლესობა - 1141 საჩივარი პოლიტიკურ სუბიექტებს ეკუთვნით, 561 სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მმართველმა პარტიამაც დაწერა მხოლოდ ორი საჩვარი - ორივე ოქმი დისბალანსის პრობლემას ეხება.

საჩივრების უმეტესობაში მითითებული დარღვევების ანალიზიდან ჩანს, რომ უბნების დიდ ნაწილზე პრობლემა იყო არჩევნების ადმინისტრირებაში ჩართულთა პოლიტიკური განწყობები, დაბალი კვალიფიკაცია და სურვილი პროცესთან წვდომა არ მიეცათ მათთვის, ვისაც შეეძლო დარღვევის დაფიქსირება ან მითითება, მოქცეულიყვნენ კომისიის წევრები და უბანზე მყოფი ადამიანები კანონის შესაბამისად.

“უბნის თავმჯდომარე იყო აგრესიული ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისა და იმ ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულები. ღრიალებდა უბანზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყენებდა ზიზღის ენას. გარდა ამისა, მან არ მიიღო ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივარი და არ გაატარა რეგისტრაციაში. საჩივრის ჩაბარებისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა იძალადეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მარიამ ჭაჭუაძეზე. საჩივრის ჩაბარების დროს ის მოაქციეს შუაში, მხარი დაუჭირეს და წაართვეს ტელეფონი. დააბრალეს, რომ ამ დროს მარიამი აპირებდა გადაღებას. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია” - ეს არის ფრაგმენტი 5 ოქტომბერს დაწერილი საჩივრიდან, რომელიც თბილისში, დიდუბის მერვე საარჩევნო უბანზე დაიწერა. საჩვარი უბნის შედეგების გაბათილებას და ამ უბნის კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საჩივარის ავტორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, თეონა ლომუაშვილია დიდუბის ოლქში.

თეონა ლომუაშვილის საჩივრიდან ირკვევა, რომ გარდა დამკვირვებლებზე ზეწოლისა, უბანზე მთელი დღის განმავლობაში აგიტაცია მიმდინარეოდა, ასევე, ევროპული სოციალისტების მიერ დანიშნული კომისიის წევრი ბლოკნოტში აღრიცხავდა მოსულ ამომრჩეველს, ხმების დათვლის დროს კი გაითიშა კამერა, რომელსაც დათვლის პროცესი უნდა გადაეღო.

ეს არ არის არჩევნების შემდეგ დაწერილი ერთადერთი საჩივარი, სადაც კომისიის წევრების მათთვის შეუფერებელი ქცევაა აღწერილი. გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი საჩივარში, რომლის ადრესატიც ბათუმის საოლქო კომისიაა, აღწერს როგორ აგრესიულად ექცეოდნენ მას 34-ე საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტი თამარ ნერგაძე საჩივარში წერს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სოფიო საფარიძე ლანძღავდა და ამცირებდა, კომისიის წევრი ნატო მსხილაძე კი რეგულაციების დარღვევით უღებდა ფოტოებს და ვიდეოებს. კომისიის წევრების აგრესიის შეჩერება ჟურნალისტის წინააღმდეგ არც კომისიის თავმჯდომარეს უცდია და არც მის მოადგილეს.

“მას შემდეგ რაც კომისიის მდივანმა ჩემ მიერ #34-ე უბნიდან გადაღებული LIVE (რეგისტრატორის შეცდომის და აღნიშნული ფაქტის გამო მომზადებული ახსნა-განმარტების რეგისტრაციის გაჭიანურების შესახებ) ნახა, აგრესიულად მომთხოვა პასუხი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მომმართავდა შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ ოჯახივით მიგიღეთ, საჭმელზე გეპატიჟებოდით და შენ რა გამომიქვეყნე გოგო”, “ქუჩის ჟურნალისტი ხარ”, “რას გავხარ”, “დავრეკეთ შესაბამის ადგილას და იყო ჩვენთან ზარები, გვითხრეს, ვიცით უკვე რა ბინძური სულის ჟურნალისტი არის ჩვენთან”, “სკოლაში გაზრდი დებილს და დაინახავ მერე ტელეფონით ხელში დგას და ჟურნალისტი გამხდარა”, “დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან”. მათ შორის არ მომცა შესაძლებლობა (გადააგდო ჩემი კუთვნილი დამტენი) დამემუხტა ტელეფონი და გამეგრძელებინა მუშაობა. ბოლოს კი, კომისიის წევრ ნატო მსხილაძესთან ერთად დაუკრა ტაში სიტყვებით “რა კარგია, მიდის, მოგვშორდა” და ასე აღნიშნა ჩემი უბნიდან გასვლა” - ვკითხულობთ ჟურნალისტის მიერ დაწერილ სარჩელში. თამარ ნერგაძის თქმით, კომისიის თავმჯდომარე უკმაყოფილონ იყო იმის გამო, რომ მან უბანზე გადაიღო ბიულეტენებით სავსე, მიტოვებული მაგიდა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავს უნდა იკავებდნენ საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარებისგან,რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოხელემ თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას.

“ონში, მეორე საარჩევნო უბანი დაიხურა 20:00 საათზე, დაიწყო შედეგების შეჯამების პროცედურა. მთელი ამ პროცედურის განმავლობაში დილის 6 საათამდე საარჩევნო უბანი იყო ღია და თავისუფლად შემოდიოდნენ ადამიანები. კერძოდ, “ქართული ოცნების” კანდიდატი სიიდან, რომელიც იმავე დროს არის ოლქის თავმჯდომარის, მარინა გობეჯიშვილის მეუღლე. მისი ავტომობილი ჩანს, ვიდეოშიც, რომელსაც წარმოვადგენ. უბანზე ასევე მოძრაობდნენ უცხო პირებიც. ამას შეეძლო ემოქმედა უბნის შედეგებზე” - ამ საჩივრის ავტორი ფირუზ ჯიბრევია, დამკვირვებელი ორგანიზაციიდან “ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები. ის უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.

“მეხუთე საარჩევნო ოლქის [ისანი] მეორე უბანზე დაფიქსირებულია 1719 ამომრჩეველი, ხოლო ხემომწერების რაოდენობა ყველა სახის სიაში არის 1752, ანუ იმაზე მეტი, რაც მთლიანად დარეგისტრირებული ამომრჩეველის ოდენობა უბანზე” - ეს “ლელოს” 5 ოქტომბერს დაწერილი საჩივარია. “ლელო” უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.

“ხობის მუნიციპალიტეტში, ხიბულას საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში - ყუთზე გამყოლი პირების განმარტებით ყუთი დალუქული არ იყო იმის გამო, რომ მოგვიანებით კიდევ ერთ ამომრჩეველს უნდა მიაკითხონ. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება კანონს” - წერს დამკვირვებელი დავით დონერიანი. ის ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობას” წარმოადგენს და საჩივრის ადრესატს, ცესკოს ახსენებს, რომ საარევნო კოდექსის 66 მუხლის მიხედვით საარჩევნო ყუთი უბნიდან მხოლოდ ერთხელ გადის და უბანზეც შესაბამისად, ერთხელ ბრუნდება, აუცილებლად დალუქული. . იმ შემთხვევაში თუ კი გადასატან ყუთს მითითებულ მისამართზე არ ხვდება ამომრჩეველი, მოქალქე კარგავს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. სარჩელი ითხოვს ამ უბანზე გადასატანი ყუთის ყველა ბიულეტენის გაბათილებასაც.

“ბოლნისის 38-ე უბნის ხმებს დათვლის შემდეგ ამავე უბნის კომისიის წევრებმა, მუსა გამბაროვმა და ბოხრან მუსაევმა პირად საუბარში მითხრეს, რომ ხმების დათვლის დროს მოხდა დარღვევა. ნაცვლად 10 -10 საარჩევნო ბიულეტენის შეკვრისა ლითონის შემკვრელით, ბიულეტენებს კრავდნენ 12 და 8 ცალიან შეკვრებად და ზემოდან აწერდნენ 10-ს. სინამდვილეში, 12 ბიულეტენი იყო 5 ნომერზე, ხოლო 41 ნომერზე 10-ის ნაცვლად 8 ბიულეტენი იყო შეკვრაში” - ამ სარჩელის ავტორი გიორგი ჩაგელიშვილია, დამკვირვებელი ორგანიზაციიდან “მომავლის ნათება.” ბოლნისის 38-ე უბანზე ამ დროისთვის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატმა. მიუხედავად სარჩელისა, ეს უბანი გადათვლილი არ არის.

“მოქალაქე მაია ქვრივიშვილმა აღმოაჩინა, რომ მის სახლში ჩაწერილია მისთვის უცნობი ორი ადამიანი. იაკობაშვილი ნადეჟდა და იაკობაშვილი ტატიანა. ორივე, ნადეჟდაც და ტატიანაც არის რეგისტრირებული მეხუთე ოლქის მეთექვსმეტე უბანზე. უცნობია უკვე მისცემს თუ არა მათ ხმა, საეჭვო პირები რეგისტრირებულები არიან ქ. თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე, მაია ქვრივიშვილის სახლში.” - ეს სარჩელი “თავისუფლების ინსტიტურმა შეიტანა ისნის საოლქო კომისიაში და ითხოვა, შემოწმდეს უბნის სიები და დადგინდეს, არის თუ არა ხელოვნურად დამატებული ხალხი მისამართზე. “თავისუფლების ინსტიტუტს” ამგვარი რამდენიმე საჩივარი აქვს შეტანილი საოლქო საარჩევნო კომისიებში.

იძებნება სპეციალურ სიებთან დაკავშირებული საჩივარიც, რომელიც ბათუმის საარჩევნო უბნებზე არსებულ ტენდენციას აღწერს. სარჩელის ავტორია დამკვირვებელი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის.”

“ბათუმის 104 საუბნო საარჩევნო კომისიამ, როგორც წესი, შეადგინა 3 შემაჯამებელი ოქმი. სამივე ოქმში მითითებულია კენჭისყრაში მონაწილე 851 ამომრჩეველი...

  • პროპორციულ შემაჯამებელ ოქმბში ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამი შეადგენს 833+18=851
  • მერის შემაჯამებელ ოქმში ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამი შეადგენს 821 + 30 = 851
  • მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამი შეადგენს 822+ 29 = 851

თითქოს ყველაფერი სწორად არის, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით სპეციალურ სიაში შეყვანილ 11 ადამიანს, რომლებიც საუბნო კომისიის წევრები არიან და გადავხედავთ მათ რეგისტრირებულ/საცხოვრებელ მისამართებს, აღმოჩნდება, რომ 5 სპეციალური სიის ამომრჩეველი არ არიან ამ მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლები, შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდატ მიეღოთმონაწილეობა პროპორციულ და მერის არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარულ არჩევნებში ვერანაირად ვერ მიიღებდა იგივე რაოდენობის ამომრჩეველი მონაწილეობას, რომელიც მონაწილეობდა პროპორციულ და მერის არჩევნებში. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს 5-ით ნაკლები, არაუმეტეს 846 ამომრჩევლისა” - ვკითხულობთ ამ საჩივარში. ანალოგიური სურათს აღწერს ეს ორგანიზაცია ბათუმის 69 და 78 უბანზე.

ცესკოს საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად სულ 4 დღე აქვს. ეს დრო იწურება. ამ დროის გასვლის შემდეგ საჩივრების ავტორებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG