Accessibility links

site logo site logo

როდემდე მოახერხებენ მოსწავლეები სწავლის კლასებში გაგრძელებას?


„თუკი მასწავლებელი დაინახავს, რომ რომელიმე მოსწავლეს ნიღაბი აქვს ჩამოწეული - ცხვირი უჩანს, ან მაგალითად, ნიკაპზე უკეთია ნიღაბი - მაშინვე შენიშვნას გვაძლევს“, - გვეუბნება მეთორმეტეკლასელი სალი, რომელმაც სწავლების დასწრებული მეთოდი აირჩია და უკვე ერთი კვირაა, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გაკვეთილებს კლასში ესწრება. სალიმ არ იცის, როგორ და რა სიხშირით ხდება მისი საკლასო ოთახის დასუფთავება-დეზინფექცია. მას ეს პროცესი არ დაუნახავს: „შეიძლება, სანამ მივალთ, მანამდე ასუფთავებენ. შესვენებებზე, კლასის დასალაგებლად არავინ შემოსულა“.

სალის მეექვსეკლასელი ძმა, სანდრო, ონლაინ-რეჟიმში აგრძელებს სწავლას. დღეში სამი გაკვეთილი უტარდება. თითო გაკვეთილი ნახევარ საათს გრძელდება. სანდროს მშობლები წუხან, რომ გაკვეთილები ან ცდება, ან მასწავლებლები გაკვეთილზე დაგვიანებით შედიან და ისედაც მოკლე დროში, ახალი მასალის ახსნა და ბავშვების გამოკითხვა ვეღარ ესწრება. სანდროს ბებიამ დამრიგებელს წერილიც მისწერა:

„სკოლაში გაშვება შეგვეშინდა. არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ბავშვები უსაფრთხოების ზომების დაცვას მოახერხებენ. არც იმაში ვართ დარწმუნებულნი, რომ პირბადეს არ მოიხსნის. ამიტომ კვლავ ონლაინ-რეჟიმში დავტოვეთ. თუმცა, რაც სწავლა დაიწყო, გაკვეთილები ან უცდება, ან მასწავლებლები გვიან ერთვებიან ZOOM-ში. როგორ წარმოგიდგენიათ 15-20 წუთში, მაგალითად, მათემატიკაში, ან ნებისმიერ სხვა საგანში, ახალი მასალის ახსნა? დამრიგებელს საყვედურის წერილი მივწერე. ან შეცვალონ ეს მიდგომა ან მაშინ იძულებულები გავხდებით, რომ რისკის ფასად გავუშვათ სკოლაში. აიღებს სკოლა მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას? ჩვენ, უფროსები, აცრილები ვართ, მაგრამ ბავშვი ხომ არ არის აცრილი? არ ვარ დარწმუნებულნი, რომ სკოლაში არ დაინფიცირდება“, - გვეუბნება სანდროს ბებია.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, კიდევ რამდენ ხანს მოახერხებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები სწავლის სკოლებისა და ბაღების სივრცეებში გაგრძელებას, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, არც განათლების სამინისტროს აქვს და არც ჯანდაცვის სამინისტროს.

უკანასკნელი დღეებია მზარდია COVID19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა. მზარდია, დადებითობის დღიური მაჩვენებელიც. 11 ოქტომბერს ეს მაჩვენებელი თითქმის 9%-მდე ავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლების პირობად დასახელებული იყო ვირუსის დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი, არ არის გამორიცხული, რომ მზარდი სტატისტიკის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედოს და მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს, კვლავ სრულად დისტანციურ სწავლებაზე მოუწიოთ გადასვლა.

სკოლებისა და ბაღების გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში, მაგალითად, თბილისის მასშტაბით, უკვე დაიხურა 55 საბავშვო ბაღი. ანუ, ბაღების თითქმის მესამედი (თბილისში სულ 186 ბაღია). ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. როგორც სააგენტოში გვიხსნიან, არსებული რეკომენდაციების თანახმად, ბაღი სრულად იხურება მაშინაც კი, როდესაც იქ ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება და სააღმზრდელო დაწესებულება 12 დღის განმავლობაში საკარანტინე რეჟიმში გადადის.

რაც შეეხება სკოლებს, 4 ოქტომბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, უკვე სრულად დაიხურა 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კახეთის რეგიონში. მათ შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში, სადაც ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან, სწავლა სრულად ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ამ სკოლაში, ერთ კვირაში, 18 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

თუკი გასულ სასწავლო წელს, სკოლებში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ანუ სასწავლო დაწესებულებები ინფიცირების მთავარ წყაროს არ წარმოადგენდა, როგორც ჩანს, წელს ეს სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. არ არის გამორიცხული, ამის ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსის დელტა შტამი იყოს, რომელიც სხვა, კოვიდის წინა შტამებისგან განსხვავებით, აქტიურად ვრცელდება ბავშვებსა და მოზარდებში.

მშობლების მიმართვა მთავრობას

მშობლები შიშობენ, რომ ხელისუფლება, ნაცვლად სკოლებსა და ბაღებში რეალური კოვიდ-უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მონიტორინგისა, კვლავ სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით კიდევ ერთხელ მიაყენებს ზიანს როგორც საგანმანათლებლო პროცესს, ისე მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

სწორედ ამ მიზნით მიმართა 11 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“. ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეულ მშობელს აერთიანებს.

მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კოვიდსტატისტიკის ზრდის ფონზე,უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ბავშვებს მიეცეთ უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.

ამ მიზნის მისაღწევად კი მშობლები ხელისუფლებას შვიდი აუცილებელი პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ:

  • სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში;
  • მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გადახედვა, გაანალიზება – რამდენად შეუძლიათ ბაღებსა და სკოლებს დაწესებული რეგულაციების დაცვა. სახელმწიფო დაეხმაროს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღებული დასკვნების შესაბამისად;
  • ბაღებსა და სკოლებში შემუშავდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის მშობლების მონაწილეობით, რათა გაიზარდოს ნდობა და გაუმჯობესდეს თანამშრომლობის ხარისხი დაწესებულებასა და ოჯახს შორის;
  • ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყოს სავალდებულო ტესტირება ბავშვზე მორგებული მეთოდების გამოყენებით;
  • დადგინდეს კონკრეტული პარამეტრი, თუ რა ფართის საკლასო ოთახში რამდენი მოსწავლის ყოფნაა დასაშვები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებს შორის უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვა;
  • სახელმწიფომ გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად. ეს ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კლასში დასწრებული სწავლების დროს ფიზიკური დისტანციის დასაცავად, ისე დისტანციურად სწავლის დროს;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რათა ბაღები და სკოლები ეფექტიანად გაუმკლავდნენ ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს ბავშვებში.

მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი შიშობს, რომ ალბათ მალე გამოაცხადებს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო და ეს ტალღა, მისი აზრით, ცხადია, პირველ რიგში, სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვაზე აისახება:

„მალე ორი წელი გახდება, რაც ამ რეჟიმში ვართ. როდესმე ხომ უნდა დავასრულოთ ფორსმაჟორში ცხოვრება. ამ დრომდე არ შემუშავებულა გეგმა, რომელიც ნათელს გახდის, როგორ გაგრძელდება სწავლის პროცესი, როდესაც დაიწყება ინფიცირების მატება. ვირუსის გავრცელების რა მაჩვენებელზე დაიხურება სკოლები? რა გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო სივრცეებში? ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი არ გვაქვს. თუკი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დათქმულ კრიტერიუმებს დავუჯერებთ, მაშინ სკოლები და ბაღები უკვე დაკეტილი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში 8%-ზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში, სკოლები კვლავ სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მოვლენები შესაძლოა, შარშანდელი სცენარის მსგავსად განვითარდეს. ზუსტად ასე მოხდა შარშანაც. შემოდგომაზე დიდი ამბით გაიხსნა სკოლები, ყველანი ვიყავით ბედნიერები, მათ შორის მეც, მაგრამ თუკი სკოლებსა და ბაღებში მოიმატებს ინფიცირების მაჩვენებელი, თუ დავინახავ, რომ ამას ხალხი ეწირება, არ გამოვრიცხავ, რომ მე თავად გავხდე ინიციატორი, დახურონ სკოლები. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ შემდეგი მსხვერპლნი და ჩვენი ოჯახებიდან დაიწყოს ახალი ტალღა, მაგრამ არც ის გვინდა, რომ კომფორტის ზონაში ვამყოფოთ ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში სიტუაცია იყოს კონტროლირებადი. ვიღაცისთვის შეიძლება ისე ჩანდეს შორიდან, რომ „მშობლები ხან ამას ითხოვენ, ხან იმას ითხოვენ და ვერ გავიგეთ, რა უნდათ“... სინამდვილეში, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება არ მართავს ამ პროცესს, არათანმიმდევრულია გადაწყვეტილებებში და ამას მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობა და განათლების ხარისხი ეწირება“.

ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც მშობლები ხელისუფლებას უყენებენ და ფიქრობენ, რომ ამით სკოლებში უსაფრთხოების ზომები გაიზრდება, ეს არის მოსწავლეთათვის სავალდებულო ტესტირების ჩატარება - იქნება ეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული ტესტები თუ გარკვეული პერიოდულობით. მოსწავლეთა კოვიდ-ტესტირებას არაერთი ევროპული ქვეყნის სკოლა მიმართავს.

კითხვაზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, იგეგმება თუ არა სკოლებში მოსწავლეთა სავალდებულო კოვიდ-ტესტირება, განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე, სკოლებში სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან მხოლოდ პედაგოგები და სკოლის პერსონალი.

კოვიდ-ტესტირებასთან მიმართებაში საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჯარო სკოლაში, მოსწავლეს პისიარ ტესტის წარდგენის ვალდებულება არ აქვს. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, მას უნდა ჰქონდეს ექიმის ცნობა, რომ ტესტის გაკეთების აუცილებლობა არ იდგა. განსხვავებული მიდგომაა ამ მხრივ კერძო სკოლებში. ავადმყოფობის შემდგომ სკოლაში დაბრუნებისას, მოსწავლემ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.

სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში დაბრუნებიდან შვიდ დღეში, უკვე შვიდი სკოლა გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმში. რა სიტუაციაში და რა პერიოდით მიიღება სკოლის სრულად დაკეტვის გადაწყვეტილება? ამ კითხვაზე განათლების სამინისტრო წერილობით გვპასუხობს:

„კოვიდის გამოვლენისთანვე, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. 2020-2021 სასწავლო წელს სწორედ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციებისა და მათ მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს სკოლებმა პანდემია და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენი პრიორიტეტია, პირველ რიგში, დავიცვათ ბავშვების და მასწავლებლების ჯანმრთელობა. კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები/კლასები ორი კვირით გადადიან დისტანციურ რეჟიმზე“.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რაც შესაძლოა, უსაფრთხო სკოლის კრიტერიუმზე მეტყველებდეს, ეს არის პედაგოგთა ვაქცინაციის რიცხვი. განათლების სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აცრილია პედაგოგთა 68%.

დღესდღეობით, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ართულებს ისიც, რომ უკიდურესადაა შემცირებული ვაქცინაციის მაჩვენებელი. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, უკანასკნელ 24 საათში, საქართველოში ყველაზე ცოტა - 3 442 ადამიანი აიცრა. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 10 ოქტომბერს აცრილთა უმეტესობამ ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში, ვაქცინაცია, ფაქტობრივად შეჩერებულია.

კორონავირუსის სტატისტიკის საერთაშორისო პორტალის Ourworldindata-ს მონაცემებით, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25%-ია ვაქცინირებული.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG